XI ჯონსის უსახლკარობა

ამდენად მომავალი, რომელზეც თავიდან ვილაპარაკეთ, ყოველთვის ტირანიის მოკავშირეა (ყოველ შემთხვევაში, ინგლისში). ჩვეულებრივ ინგლისელს გამუდმებით მოტყუებით ართმევდნენ კუთვნილს და ეს ყოველთვის პროგრესის სახელით კეთთდებოდა. მონასტრების დამანგრეველებმა პური წაართვეს და ქვა შეაჩეჩეს, თანაც არწმუნებდნენ, თითქოს ეს ძვირფასი ქვა იყო – უფლის რჩეულის თეთრი ქვა. მერე მაისის ხე და ოდინდელი, იდილიური ცხოვრების წესის დრო დადგა, სამაგიეროდ კი ბროლის სასხლეში კურთხეულ, მშვიდობისა და კომერციის ოქროს ხანას დაპირდნენ. ახლა ოჯახის უფროსის ღირსების მცირე ნარჩენების სანაცვლოდ “მოლოდინის” და “სიახლე არსაიდან” სახელებით ცნობილ უტოპიებს სთავაზობენ. ვუბრუნდებით ძირითად ნიშანს, რომელიც უკვე ვახსენეთ. წარსული სათემოა: მომავალი სათავისო უნდა იყოს. წარსულში დემოკრატიის ყველა სიავეა, მრავალფეროვნება, ძალადობა და ეჭვი, სამაგიეროდ მომავალი სუფთა დესპოტიზმია, რადგან მომავალი წმინდა წყლის ახირებაა. გუშინ ვიცოდი, რომ ბრიყვი ადამიანი ვიყავი, სამაგიეროდ ხვალ იოლად შევძლებ სუპერგმირობას.

თანამედროვე ინგლისელი, როგორც ჩანს, ის ადამიანია, რომელიც ამა თუ იმ მიზეზის გამო მუდმივად უნდა იყოს მოშორებული სახლიდან, სადაც ის თავის ახaლდაწყებულ ოჯახურ ცხოვრების აპირებდა. ეს კაცი (დავარქვათ მას ჯონსი) ყოველთვის ნატრობდა იმას, rac ღვთაებრივად მარტივია; ის დაქორწინდა სიყვარულით, მან აირჩია ან ააშენა მცირე ზომის, ქურთუკივით მორგებული სახლი, ის მზადაა გახდეს დიდი ბაბუა და ადგილობრივი ღმერთი. და აი ზუსტად მაშინ, როდესაც ის გადასვლას აპირებს, რაღაც ხდება. ტირანია, პირადული თუ პოლიტიკური, უეცრად აშორებს მას სახლს და ის იძულებულია, საკვები სახლის წინ, ბაღჩაში მიირთვას. გამვლელი ფილოსოფოსი ( რომელიც – რა დამთხვევაა – სწორედ ის ადამიანია, სახლიდან რომ გამოაძევა) ყოვნდება და მესერს მოხდენილად მიყრდნობილი განუმარტავს, რომ ახლა ის გაბედულად ცხოვრობს ბუნების სიუხვეში, რაც მომავლის დახვეწილი ცხოვრების წესი გახდება. ბაღჩაში ცხოვრება უფრო გაბედული აღმოჩნდება, ვიდრე უხვი, ამიტომ შემდეგ გაზაფხულზე ის უვარგის ბინაში გადადის. ფილოსოფოსი (რომელმაც გამოაძევა) მას არწმუნებს, რომ როგორც იქნა, ის ახლა ოქროს რესპუბლიკაში მოხვდა, რაც კაცობრიობის მიზანია, რომ ის თანასწორი, მეცნიერული, სოციალისტური თანამეგობრობის წევრია, რომელსაც სახელმწიფო ფლობს და საჯარო მოხელეები განაგებენ; რომ ეს არსებითად დახვეწილი მომავლის თანამეგობრობაა.

თუმცა გარკვეული ნიშნები იმაზე მეტყველებს, რომ უგნური ჯონსი ღამღამოდით ისევ ოცნებობს პატარა, ჩვეულებრივ სახლზე. რა ცოტას ითხოვდა და რამდენი მიიღო! მას შესთავაზეს სამყაროები და სისტემები, ედემი და უტოპია, ახალი იერუსალიმი, მან კი სახლი ამჯობინა, რაზეც უარი მიიღო.

ამ იგავში გადაუჭარბებლადაა გადმოცემული ინგლისის ისტორიის ფაქტები. მდიდრებმა ღარიბები ძველი თავშესაფარიდან შარაგზაზე გამოყარეს და მოკლედ აუხსნეს, რომ ეს პროგრესისკენ მიმავალი გზაა. ისინი იძულებით შეიყვანეს ფაბრიკებში და თანამედროვე სახელფასო მონობაში, თანაც გამუდმებით არწმუნებდნენ, რომ ეს ერთადერთი გზაა კეთილდღეობისა და და ცივილიზაციისკენ. ისევე, როგორც სოფლელი მოაშორეს სამონასტრო საკვებს და ლუდს, აქაოდა ზეციური ქუჩები ოქროთია მოკირწყლულიო, ასევე მოაცილეს ის სოფლურ საკვებსა და ლუდს, თითქოს ლონდონის ქუჩები ყოფილიყო ოქროთი მოკირწყლული. პურიტანიზმის პირქუში ალაყაფის გავლისას მან ინდუსტრიალიზმის პირქუშ კარიბჭეშიც შეაბიჯა, რაც, როგორც აუხსნეს, მომავლის კარი იყო. აქამდე მხოლოდ ერთი ციხიდან მეორე, უფრო ბნელ ციხეშიგადადიოდა, რადგან კალვინიზმი ზეცისკენ მხოლოდ ერთ მცირე სარკმელს ხსნის. და ახლა მას ისევ იმ უცვლელი, განათლებული და მბრძანებლური კილოთი სთხოვენ კიდევ ერთი ბნელი კარი  შეაღოს, ოღონდ შესასვლელთან უხილავ ხელებს გადასცეს შვილები, მცირე შერჩენილი ავლადიდება და ყველა მამაპაპური წეს-ჩვეულება.

არის თუ არა უფრო მიმზიდველი ეს უკანასკნელი შესასვლელი პურიტანიზმისა და ინდუსტრიალიზმის ძველ შესასვლელებთან შედარებით, ამაზე მოგვიანებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ერთი რამ უდაოა: თუ ინგლისში რაიმე სახის კოლექტივიზმს შემოიღებენ, ამას ნაწილობრივ აპათიურ და ნაწილობრივ ჰიპნოტიზებულ ხალხს ისევ განსწავლული პოლიტიკური კლასი მოახვევს თავს. არისტოკრატია ისეთივე მზდყოფნას გამოიჩენს კოლექტივიზმის “აღსასრულებლად,” როგორიც პურიტანიზმის და მანჩესტერიზმის აღსრულებაში გამოიჩინა. ასეთი ცენტრალიზებული ძალაუფლება მათთვის გარკვეულწილად მიმზიდველიცაა. არც ისე ძნელი იქნება, როგორც ეს ზოგიერთ მიამიტ სოციალისტდ ეჩვენება, პატივცემული ტომნოდის დაყოლიება რძით და მარკებით მომარაგების უზრუნველყოფაზე – გაზრდილი ხელფასით, რა თქმა უნდა. ბერნარდ შოუმ შენიშნა: მრევლის საბჭოზე მდიდარი სჯობს ღარიბს, რადგან “ფინანსური მორიდებულობა” არ ახასიათებსო. ახლა ინგლისის მმართველი კლასი სავსებით თავისუფალია ფინასური მორიდებულობისგან. სასექსის ჰერცოგი სავსებით მზად იქნება სასექსის ადმინისტრატორი გახდეს. სერ უილიამ ჰარკურტი, ეს ტიპური არისტოკრატი, სრულიად მართებულად აცხადებს: “ახლა ყველანი (ანუ არისტოკრატები) სოციალისტები ვართ.”

მაგრამ ამ ნოტზე დასრულება არ მსურს. ჩემი მთავარი თვალსაზრისი ის გახლავთ, რომ აუცილებელია ეს თუ არა, კოლექტივიზმიც და ინდივიდუალიზმიც აუცილებლობადაა აღიარებული, და არა იდეალად ან სასურველად. არავის მოსწონებია მანჩესტერის სკოლა, მას მხოლოდ იტანდნენ, რადგან სიმდიდრის ერთადერთ წყაროდ თვლიდნენ. არავის მოსწონს მარქსისტული სკოლა, მას ურიგდებიან, როგორც სიღატაკის თავიდან აცილების ერთადერთ გზას. გულში არავინ იკრავს იდეას, რომ თავისუფალ ადამიანს საკუთარი მეურნეობა წაართვას, ან ხანშიშესულ ქალს – საკუთარი ბოსტნის მოვლის უფლება, ისევე, როგორც არვის ეპიტნავებოდა მანქანებთან უგულო ბრძოლის გაჩაღება. ამ თავის მიზანი მიიღწევა, თუ ჩავთვლით, რომ ეს შეთავაზება არის pis aller, უიმედო არჩევანი ნაკლებად უარესისა – მსგავსად აბსტინენტობისა. მე არ გთავაზობთ იმის მტკიცებას, რომ სოციალიზმი საწამლავია. საკმარისი იქნება, თუ დავასაბუთებ, რომ წამალია და არა ღვინო.

იდეა კერძო საკუთრებისა - კერძო, მაგრამ საყოველთაოსი, თავისუფალი ოჯახის - თავისუფალის, მაგრამ მაინც ოჯახის, შინაურულობის, დემოკრატიულის მაგრამ შინაურულის, კაცობრიობისთვის კვლავ საოცნებო და მიზიდველია. მსოფლიომ შესაძლოა მიიღოს რაიმე უფრო მეტად ოფიციალური და ზოგადი, ნაკლებად ადამიანური და ინტიმური. მაგრამ ასეთი მსოფლიო დაემსგავსება გულგატეხილ ქალს, რომელიც იძულებული გახდა, გარიგებით გათხოვილიყო, რადგან სიყვარულით ვერ იქორწინა; მსოფლიოსთვის სოციალიზმი იქნებ გადარჩენა იყოს, მაგრამ ოცნება ნამდვილად ვერ იქნება.



No comments:

Post a Comment

ნაწილი მესამე. ფემინიზმი, ანუ არასწორი წარმოდგენა ქალზე