X დათრგუნვა ოპტიმიზმით

აქ არისტოკრატიის არსებობას და ხასიათს კი არ განვიხილავთ, არამედ მისი ძალაუფლების თავისებურებას; იმას, თუ როგორ წარმოიქმნა ევროპის უკანასკნელი ჭეშმარიტი ოლიგარქია და რატომ ვერ ვნახავთ უახლოეს მომავალში მის დასასრულს. ახსნა იმდენად მარტივია, რომ უცნაურიც კია, რატომ დარჩა შეუმჩნეველი. არისტოკრატიის კეთილმოსურნენი მას ხშირად აქებენ უძველესი და მოხდენილი ტრადიციების შენარჩუნებისთვის, მტრები კი აძაგებენ საშინელ, მოძველებულ გადმონაშთებთან მიჯაჭვულობის მიზეზით. მტერიც და მოყვარეც ცდება. ზოგადად, არისტოკრატია არც კარგ ტრადიციებს მისდევს და არც ცუდს. ვის მოუვა თავში აზრად არისტოკრატებში ძველი წეს-ჩვეულება ეძებოს? უმალ ძველმანების ძებნას დაიწყებ! არისტოკრატის კერპი ტრადიცია კი არა, მოდაა - ტრადიციის საპირისპირო რამ. ძველებური ნორვეგიული თავსაბურავის ძებნას სკანდინავიურ ფეშენებელურ საზოგადოებაში არავინ ეცდება. არისტოკრატიას არ გააჩნია ტრადიციები; უკეთეს შემთხვევაში - ოდენ ჩვევები, ცხოველების მსგავსად. მხოლოდ უბრალო ხალხია ტრადიციის მატარებელი.

ინგლისური არისტოკრატების ნამდვილი ძალა სწორედ ტრადიციასთან დაპირისპირებაშია. აი ჩვენი მაღალი ფენის ძალაუფლების მარტივი გასაღები: ის ყოველთვის იმ მხარეს იჭერს, რომელსაც პროგრესი ჰქვია, ყოველთვის ფეხს უწყობს დროს და ეს ყველაფერი ადვილად გამოსდის, რადგან არისტოკრატია იმ გონებრივი წყობის უმაღლესი მაგალითია, რომელზეც ახლა ვისაუბრეთ. სიახლე მათთვის ფუფუნებისა და აუცილებლობის შერწყმაა. ყველაფერთან ერთად, ის წარსულით და აწმყოთი ისეა გაბეზრებული, რომ მომავალის საშინელი შიმშილით ამთქნარებს.

რა, რა და ის კი კარგად ახსოვთ დიდებულ ლორდებს, რომ სიახლის მხარდაჭერა მათი მოვალეობაა, რასაც მუდამ იმეორებენ აკადემიურ საუნივესიტეტო თუ ხმაურიან ფინანსურ წრეებში. ასეთნაირად აღმოჩნდნენ ისინი რეფორმაციის მხარეს ეკლესიის წინააღმდეგ, ვიგების მხარეს სტიუარტების წინააღმდეგ, ბეკონისეული მეცნიერების მხარეს ძველი ფილოსოფიის წინააღმდეგ, სამრეწველო სისტემის მხარეს ხელოსნობის წინააღმდეგ, ღეს კი – სახელმწიფოს ძალაუფლების გაზრდის მხარეს ძველმოდური ინდივიდუალისტების წინააღმდეგ. მოკლედ, მდიდარი ყოველთვის თანამედროვეა; ეს მისი საქმეა. ამ ფაქტის უშუალო ზეგავლენა კი ჩვენი შესწავლის საგანზე განსაკუთრებულია.

დროდადრო სხვადასხვა გაჭირვებაში ჩავარდნილ ჩვეულებრივ ინგლისელს ეუბნებიან, რომ მისი მდგომარეობა, გარკვეული თვალსაზრისით, სასარგებლოც კია. ერთ მშვენიერ დილას ის იღვიძებს და ხედავს, რომ საზოგადო რამ, რასაც ის, აგერ უკვე რვა საუკუნეა, ერთდროულად თავშესაფრად და სალოცავად იყენებდა, ერთდროულად, ერთი ხელის მოსმით, ველურად გაუქმდა ექვსი თუ შვიდი ადამიანის ჯიბის გასასქელებლად. კაცმა რომ თქვას, გასაღიზიანებელი რამაა; ბევრგან გაღიზიანდა კიდეც და ჯარმა დააწყნარა. თუმცა მხოლოდ ჯარს არ გაუჩუმებია. გაჩუმებაში ჯარისკაცთან ერთად წილი ბრძენმაც დაიდო; ექვსმა თუ შვიდმა კაცმა, ვინც ღარიბთა თავშესაფრები მიისაკუთრა, აუხსნა მას, რომ ეს პირადი გამორჩენისთვის კი არ გააკეთა, არამედ მომავლის რელიგიის, პროტესტანტიზმისა და ჭეშმარიტების დიადი განთიადის სახელით მოიმოქმედა. ასე რომ, როდესაც მეჩვიდმეტე საუკუნის დიდგვაროვანს გლეხის ღობის წაქცევისას და მისი მიწის მიტაცებისას წაასწრებდნენ, ის ხელს ჩარლზ I-ის ან ჯეიმს II-ის სახისკენ მგზნებარედ იშვერდა (რომელსაც იმამად, შესაძლოა, ტანჯული გამომეტყველება ჰქონდა) და ამით უბრალო გლეხის ყურადღება სხვაგან გადაჰქონდა. დიდმა პურიტანელმა ლორდებმა შექმნეს თანამეგობრობა, მაგრამ გაანადგურეს თანასაკუთრება. მათ დაიხსნეს ღარიბი თანამემამულეები გემების გადასახადისგან, ოღონდ ხვნის და ბარის გადასახადების გამორთმევის ხარჯზე, რისგან დაცვაც, ეჭვგარეშეა, მათ ძალას აღემატებოდა. შესანიშნავმა ძველმა ინგლისურმა ლექსმა უკვდავჰყო ეს არისტოკრატიული ჩვევა:

You prosecute the man or woman

Who steals the goose from off the common,

But leave the larger felon loose

Who steals the common from the goose.

{იჭერ ქალსა და იჭერ კაცს,

ვინც საძოვრიდან იპარავს ვაცს,

და თავისუფლად დაგიდის კაცი,

ვინც უსაძოვროდ დატოვა ვაცი)

აქაც ისევე, როგორც მონასტრების შემთხვევაში, მორჩილების უცნაურ გამოცანას ვეჯახებით. თუ ვაცს საძოვარი მოჰპარეს და ეს მოითმინა, მართლაც ვაცი ყოფილა. მაგრამ საქმე ისაა, რომ ისინი ვაცთან ერთად მსჯელობენ; მას უხსნიან, რომ ეს ყველაფერი მელა სტიუარტის ზღვის გაღმა გასაგდებად იყო აუცილებელი. ასევეა მეცხრამეტე საუკუნეშიც, როდესაც კეთილშობილი ლორდები საბადოებს და რკინიგზებს დაეპატრონენ და თან გულწრფელად ირწმუნებოდნენ, რომ ეს უპირატესობის კი არა, არამედ ახლადაღმოჩენილი ეკონომიკური კანონზომიერების გამოვლინებაა. ასევე იქცევიან ჩვენი თაობის შეძლებული პოლიტიკოსები, რომელთა კანონპროექტები უკრძალავენ ღარიბ დედებს საკუთარ ჩვილებთან ერთად სეირნობას, მათსავე მდგმურებს კი პაბში ლუდის დალევას. თუმცა ეს თავხედობა არ იძირება საყოველთაო აღშფოთებაში (როგორც შეიძლება გვევარაუდა), ვითარცა ფეოდალიზმის აქტი – არა. მას რბილად გმობენ როგორც სოციალიზმის გამოვლინებას. არისტოკრატია ხომ მარად პროგრესულია; ის ფეხს უწყობს დროს. მისი წვეულებები გვიან ღამით უფრო და უფრო ხალხმრავალი ხდება – ის ხომ ცდილობს, ხვალ იცხვროს.


No comments:

Post a Comment

ნაწილი მესამე. ფემინიზმი, ანუ არასწორი წარმოდგენა ქალზე