VIII შინაურობის გარეულობა

ამ მოკრძალებული კვლევის განმავლობაში მოგვიწევს ე.წ. სიღარიბის, განსაკუთრებით კი თანამედროვე ინდუსტრიალიზმის დეჰუმანიზებული სიღარიბის პრობლემის განხილვა. თუმცა იდეალის ამ უმიშვნელოვანეს საკითხში სირთულეს სიღარიბის კი არა, სიმდიდრის პრობლემა წარმოქმნის. მოცალეობის და ფუფუნების ფსიქოლოლოგიაა ის, რაც ცხოვრებას აყალბებს. იმ თანამედროვე მოძრაობების გამოცდილება, რომლებიც “დაწინაურებული” სახეობისას მიეკუთვნებიან, მარწმუნებს, რომ ისინი უმეტესად მდიდართათვის დამახასიათებელ გამოცდილებას ეყრდნობიან. ასეთია თავისუფალი სიყვარულის სიყალბე, რაც უკვე ვთქვი: სექსუალობა, როგორც ეპიზოდების მიმდევრობა. ეს გულისხმობს გრძელ შვებულებას, რომელშიც ერთი ქალით დაღლილობა სუფევს და ავტომობილს, რომელიც ახლების საძებნელად გამოდგება; ეს აგრეთვე გულისხმობს ფულს დანახარჯებისთვის. ომნიბუსის გამცილებელს სხვების კი არა, საკუთარ ცოლთან სასიყვარულოდ ვერ მოუცლია. წარმატება, რომელიც ცოლ-ქმრული გაუცხოების აღწერას ახლავს თანამედროვე “პრობლემურ პიესებში” იმის შედეგია, რომ დრამა მძიმე ყოველდღიურ შრომას ვერ აღწერს. ამ პროგრესული ახირებების მიღმა დამალული ბევრი ასეთი პლუტკრატიული ვარაუდის მაგალითის მოყვანა შემიძლია. მაგალითად, “რატომ უნდა იყოს ქალი კაცზე ეკონომიკურად დამოკიდებული?” ფრაზის უკან პლუტოკრატიული ვარაუდი დგას. პასუხია: უქონელ და პრაქტიკულ ხალხს შორის არც არის. და თუ არის, მხოლოდ იმ თვალსაზრისით, როგორც კაცია დამოკიდებული ქალზე. მონადირეს ეხევა ტანსაცმელი და ვიღაცამ ის უნდა დააკეროს. მეთევზემ თევზი უნდა დაიჭიროს და ვიღაცამ ის უნდა მოამზადოს. სავსებით ნათელია, რომ თანამედროვე წარმოდგენები ქალზე, როგორც “მშვენიერ მიტმასნილ პარაზიტზე,” “თოჯინაზე” და ა.შ., ბანკირის ოჯახზე დაკვირვების შედეგია, სადაც ბანკირი სიტიში დაიარება და თავს მაინც იკატუნებს, თითქოს რაღაცას აკეთებს, ბანკირის ცოლი კი პარკში მიდის და თავსაც კი არ იტყუებს, რომ რამეს აკეთებს. ღარიბ ცოლ-ქმარს საქმიანი პარტნიორობა აქვთ. თუ გამომცემელთა ფირმაში ერთი პარტნიორი ავტორებისგან იღებს ინტერვიუს, მეორე კი კლერკებისგან, რომელიმე მათგანი ეკონომიკურად დამოკიდებულია? ჰოდერი სტაუთონზე მიტმასნილი პარაზიტი იყო? ან იქნებ მარშალი იყო სნელგროუვის თოჯინა?

თუმცა სიმდიდრით წარმოქმნილ თანამედროვე წარმოდგენათა შორის ყველაზე უფრო უარესი ესაა: შინაურობა თვინიერი და მოსაწყენია. შინ (ისინი ამბობენ) უსიცოცხლო წესრიგი და რუტინა სუფევს, გარეთ – მრავფეროვნება და თავგადასავალი. ეს მართლაც მდიდარი კაცის თვალსაზრისია. მან იცის, რომ მისი სახლი სიმდიდრის უზარმაზარ და უჩუმარ ბორბლებზე მოძრაობს, მსახურთა გუნდებით იმართება სწრაფად და უხმაუროდ. ამასთან გარეთ მისთვის ყველანაირი მოხეტიალე რომანტიკა ხელმისაწვდომია. მას იმდენი ფული აქვს, რომ შეუძლია, თავს უფლება მისცეს, იყოს მაწანწალა. მისი ყველაზე უფრო დაუოკებელი თავგადასავალი რესტორნით დასრულდება, მაშინ, როცა გლეხუჭას ყველაზე უწყინარიც კი – პოლიციაში. თუ ის ფანჯარას დაამსხვრევს, შეუძლია მისი ფასი გადაიხადოს, თუ ადამიანს – პენსიას დაუნიშნავს. მას შეუძლია ჭიქა ჯინის მოსაპოვებლად სასტუმრო იყიდოს. და რადგან ის, ფუფუნების კაცი, თითქმის ყველა “დაწინაურებული” და “პროგრესული” აზრის ტონალობას განსაზღვრავს, ჩვენ თითქმის დაგვავიწყეს, რას ნიშნავს სახლი მილიონობით ადამიანისთვის.

სიმართლე კი ისაა, რომ ზომიერად ხელმოკლეთათვის სახლი თავისუფლების ერთადერთი სავანეა. არა, ის ანარქიის სადგურია – ერთადერთი ადგილი დედამიწის ზურგზე, სადაც მას შეუძლია ერთბაშად შეცვალოს მოწყობა, ჩაატაროს ცდები ან ახირებას აჰყვეს. ყველგან სხვაგან მკაცრ წესებს უნდა დაემორჩილოს – მაღაზიაში, დუქანში, კლუბში ან მუზეუმში – თუ მოხვდა. საკუთარ სახლში შეუძლია საჭმელი იატაკზე მიირთვას. ასე ხშირად მოვქცეულვარ - ეს საინტერესო, ბავშვური, პოეტური, პიკნიკის მსგავსი განწყობის შემქმნელია. ეს რომ ჩაის სახლში ვცადო, ნამდვილად სიძნელეს გადავეყრები. შინ შეგიძლია ხალათში და ჩუსტებში იარო, სავოიში კი ასე ალბათ არ შეგიშვებენ, თუმცა სიმართლე გითხრათ, ეს არ შემიმოწმებია. რესტორანში უნდა დალიო ღვინო ღვინოების ჩამონათვალიდან. თუ ძალიან მოინდომებ, შეგიძლია ყველა გასინჯო, თუმცა ყველა შემთხვევაში, ერთი მაინც. მაგრამ თუ სახლი გაქვს და ბაღი, შეგიძლია ტუხტისგან ჩაის, ხვართქლისგან კი ღვინის დამზადება სცადო. მარტივი, მშრომელი ადამიანისთვის სახლი არაა მღელვარე თავგადასავლების სამყაროში ერთადერთი წყნარი ნავსაყუდელი. ეს წესების და დავალებების მოწესრიგებულ სამყაროში ერთადერთი ველური ადგილია. აქ მას შეუძლია ხალიჩა ჭერზე დაამაგროს, სახურავის ფიქალი კი იატაკზე დააწყოს, თუკი ასე მოესურვება. როდესაც ადამიანი ყოველ ღამეს ბარებსა და მიუზიკ-ჰოლებს შორის ხეტიალში ატარებს, ვამბობთ, რომ ის მოუწესრიგებელი ცხოვრებით ცხოვრობს, თუმცა ეს ასე არაა; მისი ცხოვრება ზედმიწევნით მოწესრიგებულია ასეთი ადგილების მოსაწყენი - და ხშირად, დამთრგუნველიც კი - წესების მიხედვით. ბარში ხშირად დაჯდომის უფლებაც კი არ აქვს, მიუზიკ-ჰოლში კი ხმის ამოღების. სასტუმრო შეიძლება განისაზღვროს, როგორც ადგილი, სადაც იძულებული ხარ გეცვას, თეატრი კი ადგილი, სადაც გიკრძალავენ მოწევას. არა, პიკნიკს მხოლოდ შინ თუ გამართავ.

ახლა ამ მცირე ადამიანურ ყოვლისშემძლეობას, თავისუფლების მცირე უჯრედის ამ ფლობას, მიმდინარე კვლევის სამუშაო მოდელად ავიღებ. მიუხედავად იმისა, შეგვიძლია თუ არა მივცეთ ყველა ინგლისელს ასეთი საკუთარი თავისუფალი სახლი, ეს უნდა გვსურდეს, და ეს მასაც სურს. ახლა ვამბობ იმას, მას რა სურს და არა იმას, რის მიღების მოლოდინშია. მაგალითად, მას უნდა ცალკე სახლი და არა ნახევრადიზოლირებული. ის შეიძლება კომერციულ შეჯიბრში იძულებული გახდეს ერთი კედელი სხვასთან გაიზიაროს. ასევე შეიძლება, რომ ერთი ფეხიც სხვასთან ჰქონდეს საზიარო სამფეხა რბოლაში მონაწილეობისას. თუმცა ეს არაა ის, რასაც თავისუფლებისა და მოხდენილობის ოცნებაში ხედავს. ვიმეორებ, მას არ სურს ბინა; მას შეუძლია იძინოს, იკვებოს და ღმერთი ადიდოს ბინაშიც; მას შეუძლია იძინოს, იკვებოს და ღმერთი ადიდოს მატარებელშიც; თუმცა მატარებელი არაა სახლი, ესაა ბორბლებიანი სახლი. არც ბინაა სახლი, ესაა ოჩოფეხებიანი სახლი. მიწიერი კავშირის და საძირკვლის იდეა, ისევე როგორც გამოცალკევების და დამოუკიდებლობის იდეა, ადამიანის ამ დამახასიათებელი სურათის ნაწილია.

შესაბამისად, ამ ერთ ინსტიტუტს შესამოწმებლად ავიღებ. ისევე, როგორც ყველა ნორმალურ კაცს სურს ქალი და ბავშვები ამ ქალისგან, მას აგრეთვე სურს საკუთარი სახლი, სადაც მათ მოათავსებს. მას არ სურს უბრალოდ სახურავი მის ზემოთ და სკამი მის ქვემოთ. მას სჭირდება ხილული და ობიექტური სამეფო; კერა, რომელზეც სასურველ საკვებს მოიმზადებს; კარი, რომელსაც სასურველ მეგობრებს გაუღებს. ეს ადამიანის ნორმალური მადაა. არ მითქვამს, რომ გამონაკლისები არ არსებობს. არსებობენ წმინდანები ნაკლები მოთხოვნილებით და ფილანტროპები მეტი მოთხოვნილებით. ოპალშტეინი – ახლა ის ჰერცოგია – ალბათ მეტსაა შეჩვეული. როცა მსჯავრდებული იყო, ალბათ ნაკლებით კმაყოფილდებოდა. თუმცა ნორმალურობა ურიცხვია. თითქმის ყველასთვის ჩვეულებრივი სახლის მიცემა თითქმის ყველას დააკმაყოფილებდა; ამას უბოდიშოდ ვაცხადებ. ახლა ისიც ვთქვათ, რომ თანამედროვე ინგლისში თითქმის ყველასთვის სახლის მიცემა (როგორც უკვე გააპროტესტე ენერგიულად, ჩემო მკითხველო) ძალიან ძნელია. რა თქმა უნდა ასეა. მე უბრალოდ მოვნიშნე desideratum; და გთხოვ, დროებით ასე დატოვო; თავად კი ჩემთან ერთად იმის გაგებას შეეჭიდო, თუ რა ხდება ჩვენი დროის სოციალურ ომში.

 

No comments:

Post a Comment

ნაწილი მესამე. ფემინიზმი, ანუ არასწორი წარმოდგენა ქალზე