IX ამბავი ჰუჯისა და გუჯისა

წარმოიდგინეთ სენით, დანაშაულით და გარყვნილებით გაჟღენთილი ბუნაგი სადმე ჰოქსტონში. წარმოიდგინეთ ორი კეთილშობილი და გაბედული ახალგაზრდა სუფთა მიზნებითა და (თუ გირჩევნიათ) კეთილშობილი სისხლით. დავარქვათ მათ ჰუჯი და გუჯი. ვთქვათ, ჰუჯი უფრო შემართებულია; ის ამბობს, რომ ადამიანები ამ ბუნაგიდან აუცილებლად გამოსაყვანია; ის აგროვებს ხელმოწერებს და ფულს, მაგრამ თვლის (მიუხედავად ჰუჯების მძლავრი ფინანსური ინტერესებისა), რომ საქმის ადგილზე მოსაგვარებლად ეს მცირე დანახარჯებით უნდა გაკეთდეს. შესაბამისად, ის უცებ წამოჭიმავს მაღალ, ცარიელ, სკისმაგვარ საცხოვრისებს და ამ საცოდავებს პატარა აგურის სენაკებში შეყუჟავს, რომლებიც, რა თქმა უნდა, სჯობს მათ ძველ ბუნაგს, რადგან ნიავდება, წყლით მარაგდება და ამინდის ჭირვეულობისგანაც დაცულია. თუმცა გუჯი, რომელიც უფრო დახვეწილი ბუნებისაა, გრძნობს, რომ აგურის ამ ყუთებს აკლია რაღაც, რასაც ენით იოლად ვერ გამოთქვამ. ის უამრავ საწინააღმდეგო მოსაზრებას წარმოაჩენს, თვით ჰუჯის გახმაურებულ ანგარიშსაც კი უტევს გუჯის უმცირესობის ანგარიშში და ერთი წლის თავზე ჰუჯს პირდაპირ მიახლის, რომ ხალხი თავს ძველ პირობებში უფრო კარგად გრძნობდა. ვინაიდან ხალხი ორივე ადგილას სახტადაა დარჩენილი, ძნელია დაადგინო, ვინაა მართალი. ერთი რამ გარკვევით შეიძლება ითქვას, რომ საკუთრივ სიმყრალე და შიმშილი არასდროს არავის არ მოსწონებია, თუ არ ჩავთვლით მათთან გადახლართულ ზოგიერთ სიამოვნებას. თუმცა მგრძნობიარე გუჯი ასე არ ფიქრობს. საბოლოო დაპირისპირებამდე (ჰუჯი გუჯის წინააღმდეგ) ბევრად უფრო ადრე მან დაირწმუნა თავი იმაში, რომ ქოხმახები და სიმყრალე მშვენიერი რამაა; რომ ერთ ოთახში თოთხმეტი სულის ერთდროულად ძილის ჩვევამ განადიდა ინგლისი; და რომ ღია კანალიზაციის სურნელი არსებითად მნიშვნელოვანია ვიკინგების ჯიშის შესანარჩუნებლად.

ამასობაში ჰუჯს გადაგვარებისმაგვარი რამ ხომ არ შეეპარა? მახლას, რომ ასე უნდა იყოს! ეს მანიაკალურად მახინჯი შენობები, თავდაპირველად ადამიანის სიცოცხლის უპრეტენზიო თავშესაფრად ჩაფიქრებული, მის მოტყუებული თვალში ყოველდღიურად მშვენიერდება. ის, რასაც არაფერი ამართლებს უკიდურესი გაჭირვების გარდა, მაგალითად, საერთო სამზარეულო და სახელგანთქმული ასბესტის ქურა მისთვის წმინდა ნათელით იმოსება, რადგან გუჯის მრისხანების ანარეკლია. სოციალისტების მოკლე და ენერგიული წიგნების ხელშეწყობით ის იჯერებს, რომ ადამიანი სკაში უფრო კმაყოფილია, ვიდრე სახლში იქნებოდა. სრულიად უცხო ადამიანების შენს საძინებელში მოხვედრის პრაქტიკულ უხერხულობას ის “ძმობად” ნათლავს, გაყინული ქვის კიბის ოცდასამ უჯრედში აბობღებას კი მგონი “ძალისხმევას” არქმევს. ამ ფილანტროპული მცდელობის საბოლოო შედეგი კი ასეთია: ერთი საშინელ ქოხმახებს და მათ კიდევ უფრო საშინელ მფლობელებს ამართლებს, მეორე კი მხოლოდ აუცილებლობით გამართლებულ ჭერს და მილებს, ღვთაებრივად აცხადებს. გუჯი ახლა კარლტონ კლაბის კორუმპირებული და აპოპლექსიური ბებერი ტორია; სიღარიბეს თუ უხსენებ, უხეშად გიღრიალებს: “მაგათთვის სასარგებლოა!”,ან რამე ამის მაგვარს. თუმცა არც ჰუჯია დალხენილი. ის მჭლე ვეგეტარიანელია, ჭაღარა წვეტიანი წვერით და არაბუნებრივად ხშირი ღიმილით, რომელიც ყველას ეუბნება, რომ ბოლოსდაბოლოს ყველას ერთი საერთო საძინებელი გვექნება; ის გარდენ-სითიში ცხოვრობს, როგორც ღმერთისგან მივიწყებული.

ასეთია ჰუჯის და გუჯის გულსაკლავი ამბავი, რომელიც თანამედროვე ინგლისის მუდმივ და გამაღიზიანებელ გაუგებრობად იქცა. ბუნაგიდან გამოყვანილი ხალხი საცხოვრისში შეჰყავთ და დასაწყისშივე ჯანსაღ ადამიანურ სულს ორივე ეჯავრება. პირველი განცდა ისაა, რომ როგორმე ბუნაგს მოსცილდეს, თუნდაც თანამედროვე საცხვოვრისში გადაბარგების ფასად, მეორე კი ის, რომ თანამედროვე საცხოვრისს განერიდოს, თუნდაც ბუნაგში დაბრუნების ფასად. თუმცა მე არც ჰუჯიანელი ვარ და არც გუჯიანელი და ვთვლი, რომ ამ ორი ცნობილი და მომაჯადოებელი პერსონაჟის შეცდომები ერთი მარტივი ფაქტი უდევს საფუძვლად. არცერთს არასდროს არ უფიქრია იმაზე, თუ როგორი სახლი სურს ადამიანს თავისთვის. მოკლედ, არცერთი არ იწყებს იდეალით. სწორედ ამიტომ არ არის არცერთი პრაქტიკული პოლიტიკოსი.

ახლა შეიძლება დავუბრუნდეთ მომავლის განდიდებისა და წარსულის ჩავარდნების შესახებ ჩვენეული გადახვევის მიზანს. თუ საკუთარი სახლი ყველა ადამიანის ცხადი იდეალია უპრიანი არ იქნება, რომ ვიკითხოთ, (როგორც სხვა, ტიპური მოთხოვნილებების შემთხვევაში) რატომ არ აქვს მას ის, და არის თუ არა ეს რაიმე ფილოსოფიური თვალსაზრისით მისი საკუთარი ბრალი? ვფიქრობ, რომ გარკვეული ფილოსოფიური თვალსაზრისით არის; მეტიც, ეს სწორედ მისი ფილოსოფიის ნაკლია, და ახლა სწორედ ამის ახსნას შევეცდები.







No comments:

Post a Comment

ნაწილი მესამე. ფემინიზმი, ანუ არასწორი წარმოდგენა ქალზე