ეს ახალი და ბუნდოვანი პოლიტიკური სიმხდალე აუქმებს ძველ ინგლისურ კომპრომისს, ადამიანებს აშინებთ გაუმჯობესება მხოლოდ იმიტომ, რომ ის სრულია. ისინი ამას უტოპიურს და რევოლუციურს უწოდებენ, როდესაც ვინმე თავისებურად მოქმედებს ან რამე მართლა კეთდება და სრულდება. თუ ადრე კომპრომისი იმას ნიშნავდა, რომ სულ არაფერს ნახევარი პური სჯობს, ახლანდელი მოხელეებისთვის კომპრომისი გულისხმობს იმას, რომ ნახევარი პური მთელზე უკეთესია.
არგუმენტის გასამძაფრებლად ავიღებ განათლების დაუსრულებელი კანონების შემთხვევას. ჩვენ მოვახერხეთ ახალი სახის თვალთმაქცის გამოგონება. ძველი ფარისეველი – ტარტიუფი თუ პეკსნიფი – მიწიერ და პრაქტიკულ მოტივებს რელიგიურად ასაღებდა. ახლა პირიქითაა – ახალი ფარისეველი ცდილობს მართლაც და რელიგიურ მოტივები მიწიერად მოგვაჩვენოს. უესლეანელი მღვდელმსახური, ღირსი ბრაუნი ჯიუტად აცხადებს რომ არაფერი ესაქმება მრწამსთან და მხოლოდ განათლება აინტერესებს, არადა მის სულში დაუოკებელი უესლეანიზმი მძვინვარებს. ანგლიკანელი, ღირსი მამა სმიტი, მადლიანი ოქსფორდული მანერით გვიხსნის, რომ მხოლოდ სკოლების კეთილდღეობა და შედეგიანობა აღელვებს, სინამდვილეში კი მღვდელმსახურის ქვენა ვნებათაღელვითაა შეპყრობილი. ესაა პოლიტიკად შენიღბულ მრწამსთა ჭიდილი. ვფიქრობ, ღირსი ბატონები საკუთარ თავს უსამართლოდ ექცევიან: მათი ღვთისმოსავობა ბევრად უფრო დიდია, ვიდრე თავად მიიჩნევენ. თეოლოგია არაა უკუგდებული (ზოგიერთს ასე ჰგონია), როგორც შეცდომა. მას უბრალოდ ჩქმალავენ, როგორც ცოდვას. დოქტორ კლიფორდს ისევე სწადია თეოლოგიური ატმოსფერო, როგორც ლორდ ჰალიფაქსს, უბრალოდ განსხვავებული უნდა. ერთი რომ პურიტანიზმს ითხოვდეს, მეორე კი კათოლიციზმს, ამას რამე კიდევ ეშველებოდა. იმედია, ყველა ჩვენგანს წარმოუდგენია რელიგიათა განსხვავებულობა და ღირსეულობა – ვთქვათ, ისლამისა თუ აპოლონის კულტის. მე სავსებით მზად ვარ, პატივი ვცე სხვა ადამიანის რწმენას, მაგრამ მისი ეჭვების, ამაო მერყეობისა და ახირებების, პოლიტიკური ვაჭრობისა და თვალთმაქცობის პატივისცემას ნუ მომთხოვთ. ნონკონფორმისტები, ინგლისის ისტორიის თავიანთი განცდით მზად არიან კენტერბერის არქიეპისკოპოსში, როგორც კენტერბერის არქიეპისკოპოსში, პოეტური თუ ეროვნული რამ დაინახონ, მაგრამ როცა ის თავს რაციონალურ ბრიტანელ პოლიტიკოსათ წარმოაჩენს, სრულიად სამართლიანად ღიზიანდებიან. ანგლიკანელთა უმრავლესობა,მამაცისა და მარტივის სიყვარული გამო მოიწონებდა დოქტორ კლიფორდს, როგორც ბაპტისტ მღვდელმსახურს, თუმცა არავის სჯერა მისი, როდესაც ის თავს უბრალო მოქალაქედ აცხადებს.
ეს შემთხვევა კიდევ უფრო საინტერესოა. ერთი არგუმენტი, რომლითაც ჩვენს ურწმუნო გაურკვევლობას ამართლებენ ისაა, რომ თითქოს ამან ფანატიზმისგან მაინც დაგვიცვა. მაგრამ ესეც ტყუილია. პირიქით, ის სრულიად გასაოცარი ძალით წარმოქმნის და აახლებს ფანატიზმს. ეს ერთდროულად იმდენად უცნაური და ჭეშმარიტია, რომ მკითხველის ყურადღებას ამას ოდნავ უფრო მეტი დაწვრილებით მივაპყრობ.
ზოგიერთს სიტყვა “დოგმა” არ მოსწონს. საბედნიეროდ ყველა თავისუფალია და მათთვისაც მოიძებნება გამოსავალი. ადამიანის გონებისთვის ორად ორი რამ არსებობს: დოგმა და ცრურწმენა. შუა საუკუნეები რაციონალური ეპოქაა - დოქტრინის ეპოქა. ჩვენი დრო, საუკეთესო შემთხვევაში, პოეტური ეპოქაა - ცრურწმენის ეპოქა. დოქტრინა გარკვეული წერტილია, ცრურწმენა კი მიმართულება. ის, რომ ხარის შეჭმა შეიძლება, ადამიანის კი არა, დოქტრინაა. ყველაფერი რომ რაც შეიძლება ცოტა უნდა ჭამო, ცრურწმენაა, რომელსაც დროდადრო იდეალსაც ეძახიან. მიმართულება ყოველთვის შეუდარებლად უფრო ფანტასტიკურია, ვიდრე გეგმა. ბრაიტონისკენ მიმავალი გზის ყველაზე უფრო არქაული რუკაც კი მირჩევნია მარცხნივ მოუხვიეს ზოგად რეკომენდაციას. სწორი ხაზები თუ პარალელური არაა, ოდესმე მაინც გადაიკვეთება, მრუდი კი შეიძლება სამუდამოდ ჩაიკლაკნოს. შეყვარებულ წყვილს შეუძლია დაუსრულებლად ისეირნოს საფრანგეთისა და გერმანიის საზღვრის გასწვრივ - ერთმა ერთ, მეორემ კი მეორე მხარეს, ვიდრე ვინმე გაურკვევლად არ ეტყვის, რომ ერთმანეთს დაშორდნენ. ესაა მკაცრად ზუსტი ხატი ჩვენი თანამედროვე ბუნდოვანების, რომელიც ადამიანებს, როგორც ბურუსში, ისე აცალკევებს და კარგავს.
თქმა არ უნდა, რომ რწმენა ადამიანებს აერთიანებს. მეტიც, ადამიანებს რწმენის განსხვავებაც კი აერთიანებს, თუ ეს ცხადი განსხვავებაა. საზღვარი აერთიანებს. ბევრი დიდსულოვანი მუსლიმი და რაინდი ჯვაროსანი, დოგმატიკოსობის წყალობით, უფრო ახლოს იყო ერმანეთთან, ვიდრე ბ-ნი კამპბელის საყდარში სკამზე მოკალათებული ორი გზააბნეული აგნოსტიკოსი. “მე ვამბობ, რომ ღმერთი ერთია,” “მე კი ვამბობ, რომ ღმერთი ერთია, და ამასთანავე სამი” - ეს ჩხუბისთავების ვაჟკაცური მეგობრობის დასაწყისია. ჩვენმა დრომ ეს რწმენები ტენდენციებად აქცია. ის ეუბნება ტრინიტარიელს, რომ მრავალჯერადობას მისდიოს და საბოლოდ სამებას სამასოცდაცამეტ პიროვნებად აქცევს. ამავე დროს ის მუსლიმს მონისტად გარდაქმნის, რაც საშინელი გონებრივი დაცემაა. ის აიძულებს სულიერად ჯანსაღ ადამიანს აღიაროს, რომ ღმერთი არა მარტო ერთია, არამედ ერთადერთიც და მის გარდა არავინ არ არსებობს. როცა საკუთარი ცხვირის ათინათს დონგივით ადევნებული ეს ორი, კარგა ხნის შემდეგ, კვლავ შეხვდება ერთმანეთს, ქრისტიანი პოლითეისტი იქნება, მუსლიმი კი პანეგოისტი, ორივე ერთად - შეშლილი და ერთმანეთის გაგებისთვის კიდევ უფრო მოუმზადებელი, ვიდრე ადრე.
ზუსტად იგივე ამბავი ტრიალებს პოლიტიკაშიც. ჩვენი პოლიტიკური ბუნდოვანება ადამიანებს ყოფს, გაერთიანების ნაცვლად. კარგ ამინდში ადამიანი უფსკრულის პირას ისეირნებს, ნისლიანში კი სათოფეზე არ გაეკარება. კონსერვატორი სოციალიზმის კიდეზე ივლიდა, რომ იცოდეს, სოციალიზმი რა არის. მაგრამ როცა ეუბნებით, რომ სოციალიზმი განწყობა, ამაღლებული ატმოსფერო, კეთილშობილი და განუსაზღვრელი ტენდეციაა, ახლოს აღარ ეკარება და სწორადაც იქცევა. მტკიცებას შეიძლება მოსაზრება შეაგებო, მაგრამ ტენდენციის წინააღმდეგ მხოლოდ ჯანსაღი ფანატიზმი თუ გამოდგება. იაპონური ჭიდაობის ხერხი თურმე უეცარი მიწოლა კი არა, მოულოდნელი გაცლაა. ეს ერთი იმ მიზეზთაგანია, რატომაც არ მომწონს იაპონური ცივილიზაცია. დანებების იარაღად გადაქცევა აღმოსავლური სულისკვეთების ცუდი გამოვლინებაა. თუმცა ნამდვილად ყველაზე უფრო უხერხული მოწინააღმდეგე ისაა, რომელიც ადვილად მარცხდება; ძალა, რომელიც ყოველთვის თმობს და შემდეგ კვლავ ბრუნდება. ასეთია გაუპიროვნებული ცრურწმენის უდიდესი ძალა, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს ბევრ ადგილას დაეუფლა. მისი საწინააღმდეგო ერთადერთი იარაღი ხისტი და ფოლადისებრი საღი აზრია, მტკიცე გადაწყვეტილებაა არ დაუგდო ყური ახირებებს, არ გადაგედოს დაავადება.
მოკლედ, რაციონალური ადამიანური რწმენა უნდა შეიარაღდეს ცრურწმენით ცრურწმენათა ეპოქაში ისევე, როგორც იარაღდებოდა ლოგიკით ლოგიკის ეპოქაში. თუმცა ამ ორ გონებრივ მეთოდს შორის განსხვავება შესამჩნევი და ცხადია. არსებითი კი ისაა, რომ ცრურწმენა გვერდს უვლის, მრწამსი კი ყოველთვის ეჯახება. მორწმუნეებს მუდმივი შეტაკება აქვთ, ცრუმორწმუნეები კი ერთმანეთს გვერდს უქცევენ. მრწამსი ჯგუფური რამაა და მისი ცოდვებიც კი ურთიერთობისგან მოდის. ცრურწმენა პირადულია და მისი მიმტევებლობაც კი კაცთმოძულეა. ასეთივეა ჩვენი გაყოფებიც. ისინი ერთმანეთს თავს არიდებენ. ტორების გაზეთი და რადიკალური გაზეთი ერთმანეთს არ პასუხობენ; ისინი ერთმანეთს უგულებელყოფენ. ჭეშმარიტი დაპირისპირება, საერთო აუდიტორიის წინაშე პატიოსანი და დაუნდობელი შერკინება წარსულს ჩაბარდა. გულწრფელი მოკამათე ხომ კარგი მსმენელიც უნდა იყოს. ჭეშმარიტად გულანთებული ენთუზიასტი არასდროს აწყვეტინებს; ის მოწინააღმდეგის არგუმენტებს ისევე გულდასმით ადევნებს თვალყურს, როგორც ჯაშუში მოწინააღმდეგის სამხედრო სამზადისს. პოლიტიკურად დაპირისპირებულ თანამედროვე გაზეთთან ჭეშმარიტი პოლემიკის გამართვის მცდელობა გამორიცხავს ძალადობასა და თავის არიდებას შორის რამე შუალედურ შედეგს. საპასუხოდ ან ლანძღვას მიიღებ, ან დუმილს. ახლანდელ რედაქტორს არ გააჩნია მახვილი ყური, რადგან ის მხოლოდ პატიოსანი ენას ახლავს. ის შეიძლება ყრუ და მუნჯი იყოს და ამას ღირსება ჰქვია, ან თუ ყრუ და ყაყანაა, მაშინ ამას მკვეთრ ჟურნალისტიკას ეძახიან. აქ ვერსად იპოვი კამათს, რადგან თანამედროვე პარტიული მებრძოლების ერთადერთი მიზანი ისეთი შეტევაა, რომელიც ყველასგან შეუმჩნევლად ჩაივლის.
ყველაფერი ამისაგან თავის დაღწევის ერთადერთი ლოგიკური საშუალება ადამიანური იდეალის დამკვიდრებაა. ვეცდები ამაში მინიმალურად, გონივრულად ტრანსცენდენტული ვიყო. ვიტყვი მხოლოდ, რომ ღვთაებრივი ადამიანის დოქტრინის გარეშე ნებისმიერი ბოროტების გამართლება შეიძლება, რადგან ევოლუციამ შეიძლება ის სასიკეთოდ გამოიყენოს. მეცნიერი პლუტოკრატისთვის იოლი იქნება იმის დამტკიცება, რომ კაცობრიობა შეძლებს შეეგუოს ნებისმიერ მდგომარეობას, რომელსაც ახლა ბოროტებად აღვიქვამთ. ძველი ტირანი წარსულს იხმობდა; ახლები მომავალ ევოლუციას მოიხმობენ, რომელმაც ლოკოკინა და ბუ შექმნა; ევოლუციას შეუძლია შექმნას მუშა, რომელიც ლოკოკინასთვის საკმარისი სივრცით და ბუსთვის საკმარისი სინათლით დაკმაყოფილდება. დამქირავებელი არ უნდა წუხდეს, რომ აფრიკელს მიწისქვეშეთში აგზავნის სამუშაოდ; ის მალე მიწისქვეშა, თხუნელას მსგავს ცხოველად გადაიქცევა. არც მყვინთავზე უნდა იდარდოს, წყლის ქვეშ რომ სუნთქვას იკავებს: ის ხომ მალე წყლისქვეშა ბინადარი გახდება. ადამიანის საზრუნავი პირობების შეცვლა არაა, პირობები თავად შეცვლიან ადამიანს. თავს ცემით ისე დააპატარავებ, რომ ქუდს მოერგოს. ნუ ცდილობთ, მონას ბორკილი დაუმსხვრიოთ, ამსხვრიეთ მონა, ვიდრე ბორკილს არ დაივიწყებს. ჩაგვრის გასამართლებელი ამ დამაჯერებელი თანამედროვე არგუმენტების საწინააღმდეგო ერთადერთი ადეკვატური პასუხია ის, რომ არსებობს მარადიული ადამიანური იდეალი, რომლის არც აღრევა შეიძლება და არც დარღვევა. დედამიწის უმნიშვნელოვანესი ადამიანი სრულყოფილი ადამიანია, რომელიც აქ არაა. ქრისტიანულმა რელიგიამ საგანგებოდ გამოაცხადა ადამიანის უმაღლესი გონიერება, ამბობს წმინდა წერილი, რომელიც განსჯის ხორცშეხმულს და ადამიანურ სიმართლეს. ჩვენი ცხოვრება და კანონები განისჯება არა ღვთიური აღმატებულებით, არამედ უბრალოდ ადამიანური სრულყოფილებით. ადამიანია, ამბობს არისტოტელე, საზომი. ადამიანის შვილია, ამბობს წმინდა წერილი, ვინც განსჯის ცოცხლებსაც და მკვდრებსაც.
დოქტრინა არ იწვევს უთანხმოებას, დოქტრინა უთანხმოებათა ერთადერთი წამალია. თუმცა უპრიანია ვიკითხოთ, სახელმწიფოში ან ოჯახში რომელი აბსტრაქტული და იდეალური ფორმა დააკმაყოფილებდა ადამიანურ შიმშილს, და ეს იმისგან განცალკევებით, შეგვიძლია თუ არა მისი სრულად მოპოვება. თუმცა როდესაც ვიწყებთ იმის გარკვევას, თუ რა სჭირდება ნორმალურ ადამიანს, რა სურს ყველა ერს, როგორია იდეალური სახლი, გზა, წესი, რესპუბლიკა, მეფე თუ სამღვდელოება, მაშინვე ჩვენი დროისთვის დამახასიათებელ, უცნაური და გამაღიზიანებელ დაბრკოლებას ვაწყდებით; ამიტომ დროებით უნდა შევჩერდეთ, რათა ეს დაბრკოლება გამოვიკვლიოთ.
No comments:
Post a Comment