ერთ ცნობილ ხუმრობას ხშირად იყენებენ ფილოსოფიური კამათის უსარგებლო და დაუსრულებელი ხასიათის საჩვენებლად; ვგულისხმობ ქათმისა და კვერცხის ამბავს. ვფიქრობ, სწორად გაგების შემთხვევაში ის სულაც არაა ამაო. აქ არ ვაპირებ იმ მეტაფიზიკური და თეოლოგიური განსხვავებებში ჩაღრმავებას, რომელთა გამოც ქათმისა და კვერცხის პოლემიკა თუმც ზედაპირული, მაგრამ უპრიანია. ევოლუციონისტ მატერიალისტებს შესაფერისად წარმოადგენს ხედვა, რომლის მიხედვითაც ყველაფერი მოდის კვერცხიდან – ამ ურჩხულისებრი ბუნდოვანი ოვალური ჩანასახიდან, რომელმაც საკუთარი თავი შემთხვევით დადო. აზროვნების მეორე, ზებუნებრივ სკოლას (რომელსაც პირადად მე თავს მივაკუთვნებ) არც თუ ცუდად ახასიათებს ფანტაზია, თითქოს ეს ჩვენი მრგვალი სამყარო მხოლოდ კვერცხია, წმინდა, უქმნელი ფრინველის - წინასწარმეტყველთა იდუმალი მტრედის მიერ გამოჩეკილი. აქ ეს უზარმაზარი განსხვავება ბევრად უფრო მოკრძალებული მიზნისთვის მოვიხმე. მიუხედავად იმისა, იწყება თუ არა ჩვენი სააზროვნო ჯაჭვი ცოცხალი ფრინველით, სრულიად სავალდებულოა, რომ ის ამ ჯაჭვს აბოლოებდეს. ფრინველია სამიზნე – არა თოფის, არამედ სიცოცხლის მომნიჭებელი კვერთხის. სწორად აზროვნებისთვის არსებითია, რომ კვერცხი და ფრინველი არ განვიხილოთ როგორც ფარდი კოსმოსური ხდომილებანი, ერთმანეთს მარადიულად რომ ენაცვლებიან. ეს არ უნდა ვაქციოთ კვერცხისა და ფრინველის უბრალო, კვერცხისა და ისრის იონურის მსგავს ორნამენტად. ერთი საშუალებაა, მეორე კი მიზანი; ისინი განსხვავებულ სულიერ სამყაროებს ეკუთვნიან. თუ ადამიანის საუზმესთან დაკავშირებულ სირთულეთა მიღმა, ელემენტარული თვალსაზრისით, კვერცხი მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ ქათამი შექმნას, ქათმის დანიშნულება კი მხოლოდ ახალი კვერცხის დადება არაა. ის აგრეთვე საკუთარი თავის გასართობად, ღმერთის სადიდებლად ან სულაც ფრანგი დრამატურგისთვის იდეების მისაწოდებლად შეიძლება რომ არსებობდეს. როგორც ცოცხლს, მას თავისთავადი ღირებულება აქვს ან შესაძლოა, რომ ჰქონდეს. ჩვენი თანამედროვე პოლიტიკა სავსეა ხმაურიანი გულმავიწყობით. იმ გულმავიწყობით, რომ ამ ბედნიერი და შეგნებული სიცოცხლის შექმნაა ბოლოსდაბოლოს ყველანაირი სირთულეების და კომპრომისების მიზანი. ჩვენ მხოლოდ სასარგებლო ადამიანებსა და მომუშავე ისტიტუტებზე ვლაპარაკობთ, ანუ ქათამს მხოლოდ მეტი და მეტი კვერცხის დამდებად მოვიაზრებთ. იმის ნაცვლად რომ ჩვენი, ზევსის არწივის თუ ეივონის გედის მსგავსი, ან რამენაირი იდეალური ფრინველის გამოზრდისკენ ვისწრაფოდეთ, ჩვენ მხოლოდ ჩანასახის და პროცესის ენას ვიყენებთ. პროცესი თავისთავად, ღვთაებრივი მიზნისკან განცალკევებით, საეჭვო და ავადმყოფურიც კი ხდება. შხამი ყველაფრის ჩანასახში აღწევს და ჩვენი პოლიტიკოსი ლაყე კვერცხია.
იდეალიზმს ყველაფერში მხოლოდ პრაქტიკული თვალსარისი აინტერესებს. იდეალიზმი გულისხმობს, რომ საჩხრეკი ნაკვერჩხლების საქექად უნდა განიხილებოდეს, ვიდრე მის ცოლის საცემ საშუალებად გამოყენებაზე ვიმსჯელებთ; ასევეა კვერცხიც – უნდა ვიკითხოთ, საკმარისად კარგია თუ არა ის პრაქტიკული მეფრინველეობისთვის, ვიდრე გავარკვევთ, საკმარისად ცუდია თუ არა ის პრაქტიკული პოლიტიკისთვის. თუმცა მე ვიცი, რომ ეს ძირითადი თეორიული ძიება (რომელიც მხოლოდ მიზნის ძიებაა), საზოგადოებას მაძიებელზე აფიქრებინებს – რა დროს ვიოლინოა, როცა რომში ხანძარი მძვინვარებსო. სკოლა, რომელსაც ლორდი როზბერი წარმოადგენს, ცდილობს პოლიტიკის მოტივად აქამდე გამოცხადებულ ზნეობრივი თუ სოციალური იდეალების ჩანაცლებას სოციალური სისტემის ზოგადი თანმიმდევრულობით ან სისრულით, რომელსაც მეტსახელად “შედეგიანობა” შეარქვეს. არ ვიცი, რაში მდგომარეობს ამ სექტის საიდუმლო დოქტრინა. თუმცა რამდენადაც მესმის, “შედეგიანობა” ყველაფერს გვეუბნება მექანიზმის შესახებ, გარდა მისი დანიშნულებისა. ჩვენმა დრომ ერთი შესანიშნავი ფანტაზია შექმნა: ფანტაზია, თითქოს როცა ყველაფერი ძალიან ცუდადაა, პრაქტიკული ადამიანი გვჭირდება. სიმართლესთან ბევრად უფრო ახლოს კი ისაა, რომ როცა ყველაფერი ძალიან ცუდადაა, არაპრაქტიკული ადამიანია საჭირო - ყოველ შემთხვევაში, სულ მცირე – თეორეტიკოსი. პრაქტიკულია ადამიანი, რომელიც იცნობს ყოველდღიურობას და იმას, თუ ჩვეულებრივად როგორ მუშაობს ყველაფერი. როდესაც ეს აღარ იმუშავებს, დაგვჭირდება მოაზროვნე – ადამიანი, რომელსაც აქვს დოქტრინა, თუ რატომ მუშაობდა ეს ყველაფერი საერთოდ. რა თქმა უნდა, არ ვარგა, თუ ვიოლინოს აწრიპინებ, როდესაც რომი იწვის, თუმცა სწორია ჰიდრავლიკის თეორიულ შესწავლას მოჰკიდო ხელი, თუ რომს ხანძარი მოედო.
მაშინაა სავალდებულო ყოველდღიურობის აგნოსტიციზმის მიტოვება და rerum cognoscere causas ცდა. თუ შენს აეროპლანს მცირე გაუმართაობა სჭირს, იქნებ ხელმარჯვე კაცმა შეაკეთოს კიდეც, მაგრამ თუ სერიოზულად ავადაა, სავარაუდოა, რომ რომელიმე გაფანტული გონების, თეთრფაფარაშლილი ბებერი პროფესორის გამოთრევა მოგიწევს კოლეჯის ლაბორატორიიდან ნაკლის მიზეზის გასაანალიზებლად. რაც უფრო რთულია ნაკლი, მით უფრო თეთრთმიანი და გონებაგაფანტული თეორეტიკოსი დაგჭირდება მასთან გასამკლავებლად; ზოგიერთ უკიდურეს შემთხვევაში მხოლოდ ის ადამიანი (ალბათ შლეგი) გამოგადგება, რომელმაც შენი საფრენი აპარატი გამოიგონა.
“შედეგიანობა” ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უშედეგოა ზუსტად იმ მიზეზით რომლის გამოც არიან უშედეგო ძლიერი ადამიანები, ნებელობა და ზეადამიანი. იმითომ, რომ მას მხოლოდ დასრულებულ ქმედებასთან აქვს საქმე. მას არ გააჩნია ჯერ არმომხდარის ფილოსოფია, ამდენად არც არჩევა ძალუძს. ქმედება წარმატებული თუ წარუმატებელი მხოლოდ დასრულებისას ხდება. თუ ის იწყება, განყენებულად ის მხოლოდ სწორი ან არასწორი შეიძლება იყოს. გამარჯვებულის მხარდაჭერა არ არსებობს, რადგან ის არაა გამარჯვებული, როდესაც მხარდაჭერილია. არ არსებობს გამარჯვებულ მხარეს ბრძოლა; იმიტომ იბრძვიან, რომ გამარჯვებული გაარკვიონ. თუ რამ ქმედება განხორციელდა, გამოდის, რომ შედეგიანი იყო. თუ ადამიანი მოკლეს, მკვლელობა შედეგიანი ყოფილა. ტროპიკული მზე შედეგიანია ადამიანთა გაზარმაცებაში ისევე, როგორც ლანკაშირელი ჩხუბისთავი ათისთავი მათ გააქტიურებაში. მეტერლინკი შედეგიანია ადამიანის ავსებაში უცნაური სულიერი კანკალით ისევე, როგორც, ბატონები კროსსე და ბლექუელი მათ ავსებაში ჯემით. ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რით გინდა რომ აგავსონ. ლორდი როზბერი, რომელიც თანამედროვე სკეპტიკოსია, ალბათ უპირატესობას უცნაურ სულიერ კანკალს ანიჭებს. მე, როგორც მართლმორწმუნე ქრისტიანს, ჯემი მირჩევნია. თუმცა ორივე ეს ამბავი შედეგიანია განხორციელების შემდეგ და უშედეგოა, ვიდრე არ განხორციელდება. ადამიანი, რომელიც ძალიან ბევს ფიქრობს წარმატებაზე, ყველაზე უფრო მოსაწყენი სენტიმენტალისტი უნდა იყოს, რადგან გამუდმებით უკან იხედება. თუ მხოლოდ გამარჯვება უყვარს, ბრძოლაში ჩაბმას ყოველთვის დააგვიანებს. მოქმედების კაცისთვის მხოლოდ იდეალიზმი არსებობს.
განსაზღვრული იდეალი ბევრად უფრო გადაუდებელი და პრაქტიკული რამაა ჩვენს არეულ ინგლისურ ყოფაში, ვიდრე ნებისმიერი გადაუდებელი გეგმა თუ წინადადება, რადგან ახლანდელი ქაოსი თავდაპირველად არსებული საყოველთაო მიზნების მივიწყების შედეგია. არავინ ითხოვს იმას, რაც სურს. ყველა ითხოვს იმას, რასაც ვარაუდობს, რომ მიიღებს. მალე ადამიანი ივიწყებს, იმას რაც მართლაც უნდოდა თავიდან, განსაკუთრებით ენერგიული და წარმატებული პოლიტიკური ცხოვრების შემდეგ. ყველაფერი ეს მეორეხარისხოვანის ორომტრიალი და უკიდურესი ზომების პანდემონიუმია. ასეთი მოქნილობა გამორიცხავს არა მხოლოდ ყოველგვარ გმირულ პრინციპულობას, არამედ აფერხებს ყოველნაირი რეალური კომპრომისის მიღწევასაც. ორ წერტილს შორის შუაწერტილის პოვნა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ ეს წერტილები უძრავია. შესაძლოა ორი მოდავე მხარის მორიგება, რომლებსაც არ შეუძლიათ ერთდროულად სასურველის მიღწევა, თუმცა ამისთვის აუცილებელია შევიტყოთ, თუ რა სურთ მათ. რესტორნის მფლობელს ურჩევნია კლიენტებისგან სხარტი შეკვეთის მიღება, თუნდაც ის ჩათუშულ იბისს და მოხარშულ სპილოს გულისხმობდეს, ვიდრე უყუროს, როგორ ჩაურგავს თავი თითოეულს ხელებში და როგორ ანგარიშობს იქ არსებული საკვების სავარაუდო რაოდენობას. რომელი ჩვენგანი არ დაზარალებულა გარკვეული ტიპის ქალბატონისგან, თავკერძაზე უარესი, გაუკუღმართებული უანგარობით არაპოპულარულ კერძს რომ ითხოვს და უხერხული ადგილის დაკავებას რომ ლამობს. ყველა ჩვენთაგანი გადაჰყრია ასეთი თვითგანქიქების ალიაქოთში ჩაფლულ თავყრილობას. ამ უწყინარ ქალბატონებზე ბევრად უფრო უარესი მოტივები ამოძრავებთ ჩვენს პრაქტიკოს პოლიტიკოსებს, როდესაც ასეთსავე არეულობას ინარჩუნებენ რეალურ მოთხოვნებში ეჭვის შეტანის საშუალებით. არაფერი ისე არ აფერხებს მოგვარებას, როგორც მცირე დათმობებში გაბლანდვა. ჩვენ გვაბნევენ პოლიტიკოსები, რომლებიც სეკულარულ განათლებას ამჯობინებენ, მაგრამ თვლიან, რომ ეს განუხორციელებელია; რომელთაც სურთ მშრალი კანონი, მაგრამ არ აპირებენ, რომ მოითხოვონ; არ მოსწონთ სავალდებულო განათლება, მაგრამ ახანგრძლივებენ მას; ან სურთ გლეხთა მესაკუთრეობა, მაგრამ ხმას სხვა რამეს აძლევენ. ყველაფერს წინ ეს აღმაშფოთებელი და მოფართხალე ოპორტუნიზმი ეღობება. ჩვენი პოლიტიკოსები მეოცნებენი რომ ყოფილიყვნენ, ვინ იცის, იქნებ რამე პრაქტიკულიც მოემოქმედებინათ. აბსტრაქტულის მოთხოვნით იქნებ რამე კონკრეტულიც მიგვეღო. ახლანდელ პირობებში შეუძლებელია არამარტო სასურველის, არამედ მისი რამე ნაწილის მიღებაც კი, რადგან არავის არ შეუძლია ამის მარტივად, რუკის მსგავსად მოხაზვა. მოლაპარაკების ნაცადი, ცხადი და ძნელი ხელოვნება სრულიად გაქრა. ჩვენ დავივიწყეთ, რომ სიტყვა “კომპრომისი” სხვა რამეებთან ერთად ხისტ და ჟღერად სიტყვა “promise”-საც (პირობა) შეიცავს. შუამავლობა სულაც არაა ბუნდოვანი. ის ისეთივე განსაზღვრულია, როგორც სრულყოფილება. შუა წერტილი ისეთივე უძრავია, როგორც კიდურა.
თუ მეკობრე ფიცარზე გატარებას მიპირებს, ჩემი მხრიდან ამაო იქნებოდა მისთვის საღი აზრის კომპრომისის სახით ფიცარზე გონივრული მანძილის გავლის შეთავაზება. სწორედ გონივრული მანძილია ის, რაშიც მე და მეკობრე ვერ შევთანხმდებით. ფიცარი მათემატიკური სიზუსტით ყირავდება დროის რაღაც მომენტში. ჩემი საღი აზრი ზუსტად ამ მომეტში მთავრდება, მეკობრისა კი ზუსტად ამ მომენტში იწყება. თუმცა თავად ეს მომენტი ისევე ხისტადაა განსაზღვრული, როგორც გეომეტრიული ნახაზი, ისევე აბსტრაქტულია, როგორც თეოლოგიური დოგმა.
No comments:
Post a Comment