უკვე ვთქვი, რომ გთავაზობთ ერთი, ცენტრალური საკითხის განხილვით შემოვიფარგლოთ; ავიღებ ისეთ ინსტიტუტს, რომელსაც სახლობა ჰქვია და რომელიც ოჯახის ხერხემალია. ჩვენ განვიხილავთ ყოვლისმომცველ გარეგან ტენდენციებს, რომლებიც ამ უძველეს და უნიკალურ თავშესაფარზე ახდენენ გავლენას. საკუთრივ ოჯახზე ბევრს არაფერს ვიტყვი. არ ვაპირებ მსჯელობას მის ცხოველურ წარმოშობაზე და მისი სოციალური რეკონსტრუქციის დეტალებზე. მე მხოლოდ მისი საყოველთაო და ხელშესახები ხასიათი მაინტერესებს. ის კაცობრიობისთვის აუცილებლობაა; ის, თუ გნებავთ, კაცობრიობისთვის მახეა. მხოლოდ უტყუარი ფაქტის ფარისევლური უგულებელყოფითაა შესაძლებელი “თავისუფალ სიყვარულზე” ლაპარაკი, თითქოს სიყვარული სიგარეტის მოკიდების ან მოტივის წაღიღინების მსგავსი ეპიზოდი იყოს. წარმოვიდგინოთ, რომ სიგარეტის ყოველი მოკიდებისას, კვამლის რგოლებიდან ჯინი წარმოიშვება და ადამიანს უზარმაზარ მონასავით უკან დასდევს. წარმოვიდგინოთ, რომ ყოველი წაღიღინებით ადამიანს “ანგელოზი ჩამოჰყავს” და ამის შემდეგ მას უკან თოკზე გამობმული სერაბიმი დასდევს. ეს დამანგრეველი ხატებანი მხოლოდ უსახური პარალელებია იმ მიწისძვრისმაგვარი შედეგებისა, რომლებიც ბუნებამ სქესს დაუკავშირა და თავიდანვე ზედმიწევნით ცხადად ჩანს, რომ ადამიანს არ შეუძლია თავისუფალი საყვარელი იყოს; ის ან მოღალატეა, ან დაბმული ადამიანი. მეორე ელემენტი, რომელიც ოჯახს წარმოქმნის ისაა, რომ მისი შედეგები, თუმც კოლოსალური, მაინც თანდათან ვლინდება; სიგარეტი ჩვილ გიგანტს წარმოქმნის, ღიღინი – ყრმა სერაბიმს. აქედან მომდინარეობს ხანგრძლივი თანამშრომლობის ერთგვარი სისტემის აუცილებლობა და ამრიგად წარმოიქმნება ოჯახი მისი სრული საგანმანათლებო თვალსაზრისით.
შეიძლება ითქვას, სახლობის ინსტიტუტი ანარქისტულია, ანუ ის კანონზე უფრო ძველია და სახელმწიფოს გარეთ დგას. თავისი ბუნებით ის ახლდება ან ირყვნება ჩვეულებების და ნათესაობის განუმარტავი ძალებით. ეს ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს სახელმწიფოს ძალაუფლება ოჯახებზე არ ვრცელდება; ვრცელდება და უნდა გავრცელდეს კიდეც ბევრ არანორმალურ შემთხვევაში. თუმცა სიხარულისა და მწუხარების ნორმალური შემთხვევების უმრავლესობაში სახელმწიფოს არ გააჩნია ჩარევის ხერხი. აქ კანონი უფრო ვერ, ვიდრე არ ერევა. კანონისგან ზედმეტად დაშორებული არეების მსგავსად, არსებობს მასთან ზედმეტად დაახლოებული არეებიც; ადამიანიც ხშირად ჩრდილოეთ პოლუსს ხედავს, ვიდრე საკუთარ ზურგს დაინახავდეს. მცირე და ახლომდებარე ამბები კონტროლს მიღმა რჩება სულ ცოტა არანაკლებად, ვიდრე უზარმაზარი და დაცილებული. ოჯახის ტკივილი და სიხარული სწორედ ასეთი ამბავია. თუ ჩვილი მთვარის დანახვაზე ტირის, პოლიციელი მთვარეს ვერ მიუტანს – მაგრამ ჩვილსაც ვერ გააჩერებს. ცოლ-ქმრის და დედა-შვილის სიახლოვის ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთის გაბედნიერება თუ გაუბედურება და ამაზე არანაირ საზოგადოებრივ ჩარევას ხელი არ მიუწვდება. დილაობით რომ შეიძლებოდეს ქორწინების გაუქმება, ის ვერ მოგგვრიდა საღამოს შვებას, როდესაც ცოლის საყვედური არ გვაძინებს. რა ბედენაა უზარმაზარი ძალაუფლება, როდესაც ადამიანს მხოლოდ მცირეოდენი სიმშვიდე სჭირდება? ბავშვი ყველაზე უფრო არასრულყოფილ დედაზე უნდა იყოს დამოკიდებული; დედა კი შეიძლება სრულიად უვარგის შვილებზე იყოს თანგადაყოლილი. ასეთ ურთიერთობებში კანონი სამაგიეროს ვერვის უზღავს. ეს წინაღობა იმ არანორმალურ შემთხვევებშიც კი გვხვდება, სადაც კანონის ჩარევა შესაძლებელია – შეგვიძლია თავგზააბნეულ მომრიგებელ მოსამართლეებთან გადავამოწმოთ. ისინი მარჩენალის მოცილებით ბავშვებს შიმშილისგან იცავენ და ხშირად ცოლს გულს უტეხავენ, რადგან მანამდე ქმარმა თავი გაუტეხა. სახელმწიფოს არ აქვს საკმარისი ზემოქმედების იარაღი, რომლითაც გამჯდარ ჩვევას ამოძირკვავდა და გადახლართულ ოჯახურ გრძნობებს გახსნიდა. ორი სქესი, ბედნიერად თუ უბედურად, ისე მჭიდროდაა ერთმანეთზე მიწებებული, რომ მათ შორის კანონის დანის პირს ვერ შეყოფ. ქალი და კაცი ერთხორცია – დიახ, მაშინაც კი, როდესაც ერთსული არაა. ადამიანი ოთხფეხაა. ამ უძველეს ანარქიულ სიახლოვეს ნაირგვარი მმართველობა ბევრს ვერაფერს უხერხებს; ის უბედურია ან ბედნიერი თავისი სქესობრივი ერთიანობით და საქორწინო ჩვეულებით შვეიცარიის რესპუბლიკაშიც და სიამის დესპოტიზმის ქვეშაც. სიამში რესპუბლიკის დამყარებაც კი სიამის ტყუპებს ბევრს ვერაფერს მოუხერხებდა.
პრობლემა ქორწინებაში კი არა, სქესშია და ის დარჩებოდა ყველაზე უფრო თავისუფალი თანაცხოვრების პირობებშიც კი. ადამიანთა დიდ უმრავლესობას არ სჯერა ამ საკითხში თავისუფლების და მეტნაკლებად ხანგრძლივი კავშირისკენ უფრო იხრება. ტომები და ცივილიზაციები განსხვავებულად უდგებიან ამ კავშირის შესაძლებელ შესუსტებას, თუმცა ყველა თანხმდება, რომ არსებობს კავშირი, რომელიც სუსტდება და არა საყოველთაო დაცილებულობა. ამ წიგნის მიზნებისთვის არ ვაპირებ ქორწინების მისტიკურ ხედვაზე საუბარს, რომელიც თავად მწამს და რომელიც დიდმა ევროპულმა ტრადიციამ საიდუმლოდ აქცია. საკმარისი იქნება იმის თქმა, რომ წარმართებიც და ქრისტიანები ერთნაირად თვლიან ქორწინებას კავშირად, რომელიც წესით არ უნდა დაირღვეს. მოკლედ, ადამიანური რწმენა, სქესთა კავშირის შესახებ ეფუძნება პრინციპს, რომელსაც თანამედროვე გონი ძალიან არაადეკვატურად სწავლობს. აქ ძალიან ახლო პარალელის გავლება შეიძლება ე.წ. მეორე სუნთქვის პრინციპთან.
პრინციპი ესაა: ყველაფერში, რაც კი რამ ფასეულია, მათ შორის ყველანაირ სიამოვნებაში, არსებობს ტკივილი ან მოწყენილობა, რომელიც დასაძლევია, რათა სიამოვნებამ შეძლოს განახლება და გაგრძელება. ბრძოლის სიამოვნება სიკვდილის პირველი შიშს მოყვება ხოლმე; ვირგილიუსის კითხვის სიამოვნება მის მომაბეზრებელ ზუთხვას მოსდევს; ზღვაში მობანავის მხურვალება ჩაყურყუმალავების გამყინავ შოკს ენაცვლება, ქორწინების წარმატება კი თაფლობის თვის ჩავარდნის შემდეგ მოდის. ყველანაირი ადამიანური პირობა, კანონი და შეთანხდმება ამ გარდამტეხი წერტილის, ამ შესაძლო დანებების მომენტის დაძლევის მრავალფეროვანი გზებია.
ყველაფერში ამ დედამიწის გულზე, რისი კეთებაც ღირს, დგება სტადია, როდესაც ამას არავინ აღარ გააკეთებს, გარდა მოვალეობის გრძნობის და პატიოსნების გამო. ამ დროსაა ინსტიტუტი რომ იკავებს ადამიანს და წინ, მყარ ნიადაგზე გადაიყვანს. სხვა საქმეა, არის თუ არა ეს მყარი ფაქტი საკმარისი ქრისტიანული ქორწინების უზენაესი ერთგულების გასამართლებლად, თუმცა ის სავსებით საკმარისია იმ ზოგადი ადამიანური წარმოდგენის გასამტკიცებლად, რომლის თანახმად ქორწინება მტკიცე რამაა, მისი დარღვევა კი დანაშაული თუ არა, უკეთურება მაინცაა. არსებითი ელემენტი აქ არა ხანგრძლივობა, არამედ საიმედოობაა. ორი ადამიანი უნდა დაკავშირდეს, რათა ერთმანეთს სამართლიანად მოექცნენ – ოცი წუთით საცეკვაოდ, ან ოცი წლით ქორწინებაში. ორივეგან მთავარი ისაა, რომ თუ ადამიანი პირველი ხუთი წუთის შემდეგ გაბეზრდა, მან უნდა გააგრძელოს და აიძულოს საკუთარი თავი, რომ ბედნიერი იყოს. იძულება გარკვეული სახის მხარდაჭერაა; ანარქია კი (ან თავისუფლება, როგორც ზოგი ეძახის) არსებითად დამთრგუნველია, რადგან იმედგაცრუებას უკავშირდება. საპნის ბუშტებივით თავისუფლად რომ დავფარფატებდეთ ვისაც საით მოგვეპრიანება, პრაქტიკული შედეგი ის იქნებოდა, რომ არავის ეყოფოდა გამბედაობა საუბარის წამოსაყებად. ძალიან შემაწუხებელია წინადადების მეგობრული ჩურჩულით წამოწყება და შემდეგ მისი ღრიალით დამთავრება იმის გამო, რომ თანამოსაუბრე სადღაც, უფორმო თავისუფალ ეთერში შორს გაფრინდა. იმისათვის, რომ ერთმანეთს სამართლიანად მოექცნენ, ადამიანებს ერთმანეთი უნდა ეჭიროთ. ამერიკელებს თუ განქორწინება “ხასიათთა შეუთავსებლობის” გამო შეუძლიათ, მიკვირს, ყველანი რატომ არ განქორწინდებიან. ბევრი ბედნიერი ქორწინება ვიცი, თუმცა არცერთი თავსებადი არ შემხვედრია. ქორწინების მთელი მიზანი სწორედაც რომ რძოლა და დაძლევაა იმ მომენტისა, როდესაც შეუთავსებლობა აშკარა ხდება, რადგან ქალი და კაცი, როგორც ასეთი, არათავსებადია.
No comments:
Post a Comment