V დაუმთავრებელი ტაძარი

თანამედროვე იდეალისტის ამოცანა ზედმიწევნით გაიოლდა იმის გამო, რომ მას ჩააგონეს, თითქოს დამარცხება უარყოფის ტოლფასია. ლოგიკურად საქმე სწორედ რომ საპირისპიროდაა. იქნებ სწორედ დამარცხებულ წამოწყებებს შეეძლო სამყაროს გადარჩენა. თუ ვინმე იტყვის, ყმაწვილი პრეტენდენტი შეძლებდა ინგლისის გაბედნიერებასო, მაინცდამაინც ვერ შეეპასუხები, მაგრამ იმ აზრს, აქაოდა ეს გეორგმა მოახერხაო, ყველანი ვხვდებით, რა პასუხსაც გასცემენ. ის რაც თავიდან აცილებულია, ხელშეუხებელიცაა; ინგლისის ერთადერთი უზადო მეფე ისაა, რომელიც გაგუდეს. იაკობიტიზმზე ვერ ვიტყვით, რომ მარცხია - ზუსტად იმიტომ, რომ დამარცხდა. კომუნის, როგორც ამბოხების დამარცხება საშუალებას გვართმევს მისი, როგორც სისტემის მარცხზე ვილაპარაკოთ. თუმცა ასეთი აფეთქებები მოკლე და შემთხვევითია ხოლმე. წარმოდგენაც კი არ გვაქვს, რამდენი უდიდესი ძალისხმევა ჩაფლავდა, თითქოს ისტორიის საკვანძო ფაქტად რომ უნდა ქცეულიყო და სინამდვილეში გიგანტურ ხეიბრად რომ გამოგვეცხადა. მე თანამედროვე ისტორიის მხოლოდ ორ უდიდეს ფაქტს შემიძლია მივანიშნო: კათოლიკურ ეკლესიას და იმას, რომ თანამედროვე ზრდის ფესვები საფრანგეთის რევოლუციაშია.

ოთხმა რაინდმა წმ. თომა კენტერბერიელის სისხლი და ტვინი რომ დაანთხია, ეს მრისხანებასთან ერთად ერთგვარი შავბნელი აღტაცების გამოვლინებაც იყო. მათ მისი სისხლი სწუროდათ და კიდევ უფრო მეტად – მისი ტვინი. ასეთი დარტყმა სამუდამოდ აუხსნელი დაგვრჩება, თუ არ გავიაზრებთ, რა ტრიალებდა წმ. თომას ტვინში, ვიდრე ის იატაკზე არ მიმოაბნიეს. იქ კი ტრიალებდა დიადი შუასაუკუნოვანი იდეა, რომლის მიხედვით ეკლესია სამყაროს მსაჯულია. ბეკეტმა უარყო მღვდელმსახურის გასამართლება თვით ლორდი - უმაღლესი მსაჯულის მიერ მარტივი მიზეზით: თავად ლორდი - უმაღლესი მსაჯული ექვემდებარებოდა მღვდელმსახურის სამართალს. სასამართლო ხელისუფლება თავისთავად ქვეხელისუფლება იყო. თვით მეფენიც კი განსასჯელთა სკამზე ისხდნენ. უხილავი სამეფოს შექმნა, რომელსაც არც ჯარი ჰყავს, არც საპყრობილე აქვს, მაგრამ თავისუფლად შეუძლია ნებისმიერი სახელმწიფოს საჯაროდ დაგმობა – აი ეს იდეა. შეეძლო თუ არა ასეთ უზენაეს ეკლესიას საზოგადოების განკურნება – ამას ჩვენ ვერ დავადასტურებთ – ეკლესია არასოდეს ქცეულა უზენაეს ეკლესიად. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ თავადებმა წმინდანები დაამარცხეს - ყოველ შემთხვევაში, ინგლისში. რაც ამ სოფელმა ისურვა, ჩვენს წინაშეა; ბევრი ჩვენგანი ამას მარცხს უწოდებს.აი რაც ეკლესიას უნდოდა, იმას მარცხი არ ჰქვია - უბრალოდ იმიტომ, რომ ეკლესია დამარცხდა. თრეისიმ მახვილი, ცოტა არ იყოს, ადრე მოიქნია. ინგლისს ჯერ არ გაეკეთებინა დიადი პროტესტანტული აღმოჩენა, რომ მეფე უცდომელია. მეფე საკათედრო ტაძარში გაშოლტეს – წარმოდგენა, რომელსაც მათ ვურჩევ, ვინც ეკლესიაში სიარულის არაპოპულარობას განიცდის. თუმცა აღმოჩენა გაკეთდა და ჰენრი VIII-მ ბეკეტის ძვლებიც ისევე იოლად მიმოფანტა, როგორც მანამდე თრეისიმ – მისი ტვინი.

რა თქმა უნდა კათოლიციზმი არ განუსჯიათ; ბევრი კათოლიკე გაასამრთლეს და ბრალდებულადაც ცნეს. მე იმას ვამბობ, რომ მსოფლიო ეკლესიური იდეალისგან კი არა, არამედ მისი რეალობისგან დაღლილ. მონასტრები ეჭვქვეშ ბერების თავშეკავებამ კი არ დააყენა , არამედ თავშეუკავებლობამ. ქრისტიანობის არაპოპულარობის მიზეზი ქრისტიანების თავმდაბლობა კი არა, მათი ამპარტავნება გახდა. რა თქმა უნდა, თუ ეკლესიამ თავისი ამოცანა ვერ შეასრულა, ეს მეტწილად მღვდელმსახურთა ბრალია, თუმცა მტრული ელემენტები ეკლესიას ბევრად უფრო ადრე მიადგნენ, ვიდრე მას თავის მიზნის აღსრულება შეეძლო. ევროპას ბუნებრივად სჭირდებოდა ცხოვრებისა და აზროვნების ერთიანი სქემის არსებობა; მიუხედავად ამისა, შუასაუკუნოვანი სისტემის ინტელექტუალურ ნგრევას მანამდე შეუდგნენ, ვიდრე ის ზნეობრივი რღვევის რაიმე ნიშანს გამოავლენდაა. უზარმაზარი ადრეული ერესები, მაგალითად ალბიგოელობა, ვერანაირ ზნეობრივ უპირატესობას ვერ დაიჩემებდა. რეფორმაციამ ევროპის დანაკუწებას იქამდე მიჰყო ხელი, ვიდრე კათოლიციზმი მის გაერთიანებას მოახერხებდა. პრუსიელები, მაგალითად, ქრისტიანობაზე ლამის რეფორმაციის დაწყებასთან ერთად მოექცნენ. საწყლებს დროც კი არ მიეცათ, კათოლიკეებად ეგრძნოთ თავი – ისე უთხრეს, რომ პროტესტანტები უნდა გამხდარიყვნენ. მეტწილად ამით აიხსნება მათი შემდგომი ქცევა. ეს ყველაფერი მხოლოდ ნათელი მაგალითია ზოგადი ჭეშმარიტებისა: წარსულის არცერთ დიად იდეალს არც კი დასცალდა რომ დრო მოეჭამა. კაცობრიობას შუა საუკუნეები არ გაუვლია, არამედ დამარცხებული უკუიქცა. ქრისტიანული იდეალი კი არ სცადეს და უარყვეს, არამედ ძნელად ჩათვალეს და გამოუცდელად უკუაგდეს.

იგივე დაემართა საფრანგეთის რევოლუციასაც. ჩვენი ახლანდელი დაბნეულობის მიზეზი დიდწილად ფრანგული რევოლუციის სანახევრო გამარჯვებასა და სანახევრო მარცხიდან მომდინარეობს. გარკვეული თვალსაზრისით ვალმის ბრძოლა – მეორე ტრაფალგარი - გადამწყვეტი იყო დასავლეთისთვის. ჩვენ დავამსხვრიეთ უდიდესი ტერიტორიული ტირანიები და თითქმის ყველა ქრისტიანულ ქვეყანაში თავისუფალი გლეხობა შევქმენით – გარდა ინგლისისა, რომელზეც მოგვიანებით ვიტყვი. წარმომადგენლობითი მმართველობა – ერთი საყოველთაო რელიკვია – სრული რესპუბლიკური იდეის მხოლოდ მცირე ფრაგმენტია. ფრანგული რევოლუციის თეორია გულისხმობდა მმართველობის ორ თვისებას, რომელიც მან თავის დროზე განახორციელა, მაგრამ ნამდვილად ვერ გადასცა თავის ინგლისელ. გერმანელ და ამერიკელ მბაძველებს. ამათგან პირველი ღირსეული სიღარიბის იდეაა – ის, რომ სახელმწიფო მოსამსახურე სტოიკოსის თვისებებით უნდა იყოს დაჯილდოებული, მეორე კი - უკიდურესი საჯაროობის იდეა. ბევრ წარმოსახვისუნარიან ინგლისელი მწერალს, კარლაილის ჩათვლით, ვერ წარმოუდგენია რობესპიერისა და მარატის მსგავსი ადამიანით აღტაცების მიზეზი. საუკეთესო ახსნა მათი სიღარიბეა – სიღარიბე იმის, ვისაც ხელეწიფება, რომ მდიდარი იყოს.

ვერვინ გამოიდებს თავს, თითქოს ეს იდეალი ამ ქვეყნის haute politique-ს ამშვენებდეს. ჩვენი პოლიტიკური წესიერების იდეალი სწორედ რომ საპირიპირო მოსაზრებას ეფუძნება: ესაა თეორია, რომლის მიხედვითაც მდიდარს თანამდებობაზე ფინანსური თაღლითობის ცდუნება არ ემუქრება. რამდენად ადასტურებს ამას ინგლისური არისტოკრატიის ისტორია მონასტრების ძარცვითა და საბადოებით ანექსიით, აქ არ გამოვიკვლევ. სიმდიდრე რომ პოლიტიკური კორუფციისგან იცავს, ეს ნამდვილად ჩვენი თეორიაა. ინგლისელი მოხელე ქრთამისგან მოქრთამვითაა დაცული. ის პირში ვერცხლის კოვზით იბადება, რათა შემდგომში ეს კოვზები ჯიბეში არ უპოვონ. პლუტოკრატიით თავის დაცვის ეს რწმენა ჩვენში ისეა გამჯდარი, რომ იმპერიას სულ უფრო მეტად ვანდობთ ოჯახებს, რომელთაც სიმდიდრე არც სისხლით ერგოთ და არც მანერებით. ზოგიერთი პოლიტიკური სახლი საგვარეულო parvenue-ა; აქ ვულგარულობა გერბივით გადაეცემა. ბევრ ახლანდელ მოხელეზე იმის თქმა, აქაოდა პირში ვერცხლის კოვზით დაიბადაო, ერთდროულად არაადეკვატურიცაა და გადაჭარბებულიც. ესენი კბილებში გაჩრილი ვერცხლის დანით უფრო იბადებიან. ეს ყველაფერი იმ ინგლისური თეორიის საილუსტრაციოდ მომყავს, რომელიც ამტკიცებს, რომ სიღარიბე პოლიტიკოსისთვის დამღუპველია.

იგივე იქნება, თუ იმ პირობებს შევედრებით, რომლებიც ლეგენდარულმა რევოლუციამ საჯაროობის თვალსაზრისით შექმნა. ძველი დემოკრატიული დოქტრინა აცხადებდა, რომ რაც უფრო მეტი სინათლეა სახელმწიფოს ყველა განყოფილებაში, მით უფრო ადვილია სამართლიანი აღშფოთების სწრაფად მიმართვა გადაცდომების წინააღმდეგ. სხვანაირად, მონარქები მინის სასახლეში უნდა ცხოვრობდნენ, რომელსაც ხალხმა შესაძლოა ქვები დაუშინოს. გავიმეორებ: არსებული ინგლისური პოლიტიკის ვერცერთი თაყვანისმცემელი (თუკი არსებობს არსებული ინგლისური პოლიტიკის თაყვანისმცემელი) ვერ იტყვის, რომ საჯაროობის ამ იდეალმა საკუთარი თავი ამოწურა, ან რომ ის ვინმეს უცდია საერთოდ. ფრანგებმა უდაოდ გააგრძელეს საიდუმლოებათა გამოაშკარავების და სკანდალების მოხდენის ტრადიცია; შესაბამისად, ისინი ჩვენზე უფრო უსირცხვილონი და ხელშესახებნი არიან – არა ცოდვაში, არამედ მის მხილებაში. დრეიფუსის პირველი სასამართლო ინგლისშიც შესაძლებელი იქნებოდა, აი მეორე კი – ნურას უკაცრავად. თუმცა თუ გვსურს გავიგოთ, რამდენად შორს დავრჩით საწყისი რესპუბლიკური გეგმისგან, უმძაფრესი ხერხი ძველი რეჟიმის დემოკრატიულ ელემენტთან შედარებაა; დანტონთან და კონდორსესთან კი არა, ბევრი თვალსაზრისით შუაზელთან და მარია-ანტუანეტთან შედარებითაც კი ნაკლებად დემოკრატიულნი ვართ. ამბოხებამდე უმდიდრესი დიდგვაროვანნი როტშილდთან და როზბერისთან შედარებით ხელმოკლე საშუალო ფენის წარმომადგენლები არიან. საჯაროობის თვალსაზრისით ხომ ძველ ფრანგულ მონარქიასთან ვერცერთი ახლანდელი ახლოსაც კი ვერ მივა. თითქმის ნებისმიერ მსურველს შეეძლო, სასახლეში შესულიყო და ენახა მეფე, რომელიც შვილებთან თამაშობდა ან ფრჩხილებს იჭრიდა. ხალხი ფლობდა მონარქს, როგორც ფლობს პრიმროუზ ჰილს, ანუ არ შეეძლო მისი გადაადგილება, თუმცა შეეძლო მასზე ეკოტრიალა. ძველი ფრანგული მონარქია შესანიშნავ პრინციპზე დაფუძნდაა: კატას შეუძლია მეფეს შეხედოს. დღეს კატას აღარ აქვს უფლება მეფეს შეხედოს, ყოველ შემთხვევაში, თუ ძალიან მოთვინიერებული არაა. იქაც კი, სადაც კრიტიკა დაშვებულია, პრესა ამას მხოლოდ მლიქვნელობისთვის იყენებს. მე-18 საუკუნის ტირანია გულისხმობდა, რომ შეგეძლო გეთქვა “ბრ-თის მეფე ზნედაცემულია.” მეოცე საუკუნის თავისუფლება რეალურად იმას ნიშნავს, რომ შესაძლებლობა გაქვს წარმოთქვა: “ბრენტფორდის მეფე სამაგალითო მეოჯახეა.”

ამასობაში ძირითადი მსჯელობა კარგა ხნით გვერდზე მოვიტოვეთ იმის ხათრით, რომ გვეჩვენებინა: დიადი დემოკრატიული ოცნება, ისევე, როგორც დიადი შუასაუკუნოვანი ოცნება მკაცრი და პრაქტიკული თვალსაზრისით აუსრულებელ ოცნებებად დარჩა. რაც არ უნდა სჭირდეს თანამედროვე ინგლისს, ამის მიზეზი ნამდვილად არაა ის, რომ ზედმიწევნით მივსდიეთ, ან სიტყვასიტყვით აღვასრულეთ ბეკეტის კათოლიციზმი ან მარატის ერთობა. ეს ორი შემთხვევა იმიტომ ავირჩიე, რომ ისინი ტიპურია ათი ათასი სხვა შემთხვევისთვის. მსოფლიო სავსეა ამ ხორცშეუსხმელი იდეებით, ამ დაუმთავრებელი ტაძრებით. ისტორია დასრულებული და ნანგრევებად ქცეული ნაგებობებისგან კი არა, გაკოტრებული მშენებელისგან მიტოვებული ნახევრადდამთავრებული ვილებისგან შედგება. ეს მსოფლიო დაუმთავრებელ გარეუბანს უფრო მოგვაგონებს, ვიდრე მიტოვებულ სასაფლაოს.



 

No comments:

Post a Comment

ნაწილი მესამე. ფემინიზმი, ანუ არასწორი წარმოდგენა ქალზე