I სამედიცინო შეცდომა

თანამედროვე სოციალური კვლევა მკვეთრად განსაზღვრული ხასიათით გამოირჩევა. ის, როგორც წესი, იწყება ანალიზით, სტატისტიკით, ცხრილებით, მონაცემებით დამნაშავეობის შემცირებაზე კონგრეგაციონალისტებს შორის, ისტერიის ზრდით პოლიციაში და სხვა მსგავსი ფაქტებით; ის მთავრდება თავით, რომელსაც პირობითად “მკურნალობა” ეწოდება. სწორედ ამ დაკვირვებული, სოლიდური და სამეცნიერო მიდგომის წყალობითაა, რომ “კურნებას” ვერასდროს ვპოულობთ. მიზეზი ისაა, რომ ასეთი სამედიცინო მიდგომა მცდარია. ესაა სოციოლოგიის უპირველესი და უდიდესი შეცდომა: ვიდრე მკურნალობას შევუდგებით, დაავადებას ვადგენთ. თუმცა ადამიანის მთელი რაობა და ღირსება იმაშია, რომ საზოგადოებრივ საკითხებში მკურნალობა იქამდეა დასაწყები, ვიდრე დაავადებას მივაგნებთ.

შეცდომა ერთი იმ მრავალთაგანია, რომლის სათავე ბიოლოგიურ და სხეულებრივ მეტაფორებზე თანამედროვე გადარევაა. გასაგებია, რომ სოციალურ ორგანიზმზე ლაპარაკი მოხერხებულია, ისევე როგორც მოხერხებულია ლაპარაკი ბრიტანულ ლომზე. თუმცა ბრიტანეთი იმდენადვეა ორგანიზმი, რამდენადაც ლომი. როგორც კი ერს ცხოველის ერთიანობას და სიმარტივეს მივაწერთ, სულელური აზროვნების გზას ვადგებით. იმის გამო, რომ ადამიანი ორფეხაა, ორმოცდაათი ადამიანი მრავალფეხას არ წარმოქმნის. ამ მიდგომამ დასაბამი დაუდო “ახალგაზრდა” და “მომაკვდავ” ერებზე გაუთავებელ აბსურდულ მსჯელობას, თითქოს ერს ფიქსირებული ფიზიკური სიცოცხლის ხანგრძლივობა ჰქონდეს. ასე გაიგებთ, რომ ესპანეთი საბოლოოდ დაბერდა; ასეთივე წარმატებით შეიძლება ითქვას, რომ ესპანეთმა ყველა კბილი დაკარგა. ანდა კანადაზე გაიგებთ, რომ ის მალე ლიტერატურას შობს; იგივეა, რომ გვეთქვა, რომ კანადა მალე ულვაშს მოუშვებს. ერები ხალხისგან შედგება; პირველი თაობა შეიძლება გამხდარი იყოს, ან ერთი მეათიათასედი – გულადი. ამავე შეცდომას ჩადის ხალხი, ვინც ეროვნული ქონების ზრდას სიბრძნისა და მდგომარეობის ზრდად, ღმერთისა და ადამიანის თვალში ამაღლებად აფასებს.

ეს ხალხი ადამიანის სხეულთან შედარების სიღრმესაც კი ვერ სწვდება. მათ ვერ გაურკვევიათ იმპერია ახალგაზრდობაში სიმაღლეში იზრდება თუ სიბერეში განში მატულობს. თუმცა ამ ფიზიკური ახირების უმძიმესი შედეგი სოციალური დაავადების ამომწურავი აღწერის და შემდეგ სოციალური მკურნალობის კურსის შემოთავაზების დამკვიდრებული ჩვევაა.

რა თქმა უნდა, ორგანიზმის შემთხვევაში ჯერ დაავადებაზე ვლაპარაკობთ და ეს სრულიად გამართლებულია, რადგან შეიძლება ვეჭვობდეთ მის გამომწვევ მიზეზებზე, მაგრამ დარწმუნებულები ვართ იმაში, თუ რას ნიშნავს გამოჯანმრთელება. არცერთი ექიმი არ გვთავაზობს ახალი სახის ადამიანის შექმნას თვალებისა და სხეულის ნაწილების ახლებური განლაგებით. უკიდურეს შემთხვვაში საავადმყოფოდან ადამიანი სახლში შესაძლოა ფეხნაკლული დაბრუნდეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – დამატებითი ფეხით აღჭურვილი. სამედიცინო მეცნიერება კმაყოფილდება ადამიანის ნორმალური სხეულით და მხოლოდ მის აღდგენას ცდილობს.

აი სოციალური მეცნიერება არასდროსაა კმაყოფილი ნორმალური ადამიანური სულით; მას ყოველთვის მომარაგებული აქვს ათასნაირი უცნაურობები. სოციალურმა იდეალისტმა შეიძლება თქვას: “მომბეზრდა საკუთარი პურიტანელობა, მინდა წარმართი გავხდე.” ანდა: “ინდივიდუალიზმის მძიმე გამოცდის მიღმა ვხედავ კოლექტივიზმის გასხივოსნებულ სამოთხეს.” ხორციელ ავადობას არ გააჩნია საბოლოო იდეალთა მრავალფეროვნება. ავადმყოფს შეიძლება არ სურდეს ქინინი, მაგრამ ნამდვილად სურს გამოჯანმრთელება. არავინ იტყვის:”დავიღალე ამ შაკიკით, მსურს კბილის ტკივილი,” ან “ამ რუსულ გრიპს გერმანული წითელა თუ შეცვლის,” ან “კატარის მძიმე განსაცდელის მიღმა ვხედავ რევმატიული სამოთხის ბრწყინვალებას.” ჩვენი საჯარო პრობლემების მთელი სირთულე სწორედ ამაშია: ერთნი მიისწრაფიან ჯანმრთელობისკენ, რომელიც სხვებისთვის საშინელი დაავადებაა; გვთავაზობენ უკიდურეს მდგომარეობას, როგორც ჯანმრთელობის ფორმას, სხვებისთვის კი ეს მდგომარეობა უდაოდ დაავადების ფორმა გახლავთ. ბ-მა ბელლოკმა ერთხელ თქვა, რომ უმალ კბილებზე იტყოდა უარს, ვიდრე საკუთრების იდეაზე; ბ-ნ ბერნარდ შოუსთვის კი საკუთრება კბილი კი არა, კბილის ტკივილია. ლორდი მილნერი გულწრფელად ეცადა გერმანული შედეგიანობის შემოღებას; ბევრ ჩვენთაგანს კი ამას გერმანული წითელა ურჩევნია. დოქტორ სალიბის გულწრფელად სურს ევგენიკა; მე რევმატიკა მირჩევნია.

თანამედროვე სოციალურ დავაში ძირითადი და გასაოცარი ესაა: ჩხუბობენ არა სიძნელეებზე, არამედ მიზანზე. ვთანხმდებით ბოროტებაზე – სიკეთეა ის, რისთვისაც ერთმანეთს თვალებს ვთხრით. ვთანხმდებით, რომ უმაქნისი არისტოკრატია არ ვარგა, თუმცა ქმედით არისტოკრატიას ბევრი არ მოიწონებდა; ურწმუნო სამღვდელოება ყველას გვაბრაზებს, თუმცა ბევრს მორწმუნე საერთოდ გააგიჟებდა. ყველა აღშფოთებულია ჩვენი ჯარის სისუსტით, იმ ხალხის ჩათვლით, ვისაც ჯარის სიძლიერე კიდევ უფრო აღაშფოთებდა. სოციალური დიამეტრალურად განსხვავდება სამედიცინოსგან: ჩვენ არ გვაქვს უთანხმოება, ექიმების მსგავსად, დაავადების ზუსტად განსაზღვრაში და თანხმობა ჯანმრთელობის ხასიათზე. პირიქით – ყველანი ვთანხმდებით, რომ ინგლისი ავადაა, მაგრამ ნახევარი არც კი გაიხედავს იქით, რასაც მეორე ნახევარი ჯანმრთელობის გაფურჩქვნად თვლის. საჯარო მანკიერებანი იმდენად დიდი და მავნეა, რომ ყველა წესიერი ადამიანი თითქოს ერთ პირზე დადგა. ის კი გვავიწყდება, რომ მანკიერების აღიარებით წესიერებაზე შეთანხმება არ მიიღწევა. ბ-ნი ქედბერი და მე ვთანხმდებით იმაზე, თუ როგორია უვარგისი პაბი. ზუსტად კარგი პაბის წინ იქნება, ერთმანეთს რომ დავერევით.

მე იმაზე ვდგავარ, რომ გავრცელებული სოციოლოგიური მეთოდიკა სრულიად უსარგებლოა – უკიდურესი სიღარიბის პრეპარირებით პროსტიტუციის სისტემატიზაციით რომ იწყებს. არავის მოგვწონს უკიდურესი სიღარიბე, მაგრამ სულ სხვაა, თუ დამოუკიდებელ და ღირსეულ სიღარიბეზე მსჯელობას დავიწყებთ. არავინ ამართლებს პროსტიტუციას, მაგრამ სიწმინდესაც ყველა როდი აფასებს. საზოგადოებრივი მანკიერების განსჯის ერთადერთი გზაა საზოგადოებრივი იდეალის დადგენაა. ყველა ხედავს ეროვნულ სიგიჟეს, მაგრამ როგორია ეროვნული საღი აზრი? ამ წიგნს დავარქვი “რა სჭირს სამყაროს?”. თუმცა ამ სათაურიდან დასკვნის გაკეთება აქვე, იოლად შეიძლება: ცუდი ის სჭირს, რომ არ ვკითხულობთ, თუ კარგი რა არის.






 

No comments:

Post a Comment

ნაწილი მესამე. ფემინიზმი, ანუ არასწორი წარმოდგენა ქალზე