I არამებრძოლი სუფრაჟეტი

კარგი იქნება, თუ აქაც წინა თავის მიდგომას ავირჩევთ, რომელიც, ვფიქრობ სამართლიანია.ქალთა საკითხის მიმართ ჩემს ზოგად დამოკიდებულებას   ბევრი სუფრაჟისტი მხარს მხურვალედ დაუჭერდა და მისი გაცხადება ძალიან ადვილია და სრულებით არ სჭირდება თანამედროვე დაპირისპირების მოხსენიებაც კი. გარეშე. თუმცა ისევე, როგორც იმპერიალიზმის შესახებ ვთქვი თავიდანვე, რომ არ ვუჭერ მხარს მისი პრაქტიკული და გავრცელებული თვალსაზრისითაც კი, აქაც უფრო პატიოსანი საქციელი იქნება იგივეს გამეორება ქალთა საარჩევნო უფლებაზე. სჯობს თავიდანვე პატიოსნად ითქვას, თუნდაც ნაჩქარევად, რაშია სუფრაჟეტების მიმართ ჩემი ზედაპირული მიუღებლობა, ვიდრე იმ მართლაც და ფაქიზ საკითხებს ჩავუღრმავდებით, საარჩევნო უფლების მიღმა რომ იმალება.

ამ პატიოსანი, მაგრამ უმადური საქმის მოსათავებლად ვიტყვი, რომ ჩემთვის სუფრაჟეტი მიუღებელია არა იმიტომ რომ ის მებრძოლია, არამედ იმიტომ რომ ის არასაკმარისად მებრძოლია. რევოლუცია მხედრული რამაა და ყველა სამხედრო ღირსებითაა შემკული, ამათთაგან კი ერთ-ერთი ისაა, რომ მას აქვს დასასრული. ორი მხარე მომაკვდინებელი იარაღით იბრძვის, რაც არ გამორიცხავს გარკვეულ წესებს; გამარჯვებული ქმნის ხელისუფლებას და აგრძელებს მართვას. სამოქალაქო ომის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ომის მიზანი მშვიდობაა. სუფრაჟეტებს არ შეუძლიათ სამოქალაქო ომის გადამწყვეტი, სამხედრო  მნიშვნელობით წამოწყება; იმიტომ, რომ ქალები არიან, და თანაც ძალიან მცირერიცხოვანი. ეს ვერ იქნება რევოლუცია, ეს შეიძლება მხოლოდ ანარქია იყოს. ამ ორს შორის განსხვავება ძალადობაში კი არა, სასრულობაში და ნაყოფიერებაშია. რევოლუცია ბუნებრივად წარმოქმნის მთავრობას, ანარქიის წარმონაქმნი კი მხოლოდ დამატებითი ანარქია შეიძლება იყოს. რასაც არ უნდა ფიქრობდე მეფე ჩარლზის ან მეფე ლუის თავის მოკვეთაზე, ვერ უარყოფ, რომ ბრედშოუ და კრომველი მართავდნენ - ისევე, როგორც კარნო და ნაპოლეონი. ვიღაცამ გაიმარჯვა; რაღაც მოხდა. მეფეს თავი შეიძლება მხოლოდ ერთხელ, ქუდი კი - გაუთავებლად გააგდებინო. დესტრუქცია სასრულია, ობსტრუქცია – უსასრულო. როგორც კი ამბოხება უბრალო უწესრიგობაში გადაიზრდება (ნაცვლად ახალი წესრიგის დამყარების მცდელობისა), მაშინვე ქრება მისი ლოგიკური მიზანი; მას შეუძლია დაუსრულებლად გაგრძელება და თვითგანახლება. ნაპოლეონს კონსულობის ნაცვლად უბრალოდ აბეზარობა რომ ნდომებოდა, ალბათ ხელს შეუშლიდა რევოლუციის შედეგად ნებისმიერი მთავრობის წარმოქმნას. თუმცა ასეთი გაგრძელება ვერანაირად ვერ დაიჩემებდა ამბოხების კეთილშობილ სახელს.

სუფრაჟეტების ეს არამებრძოლი თვისებაა მათი ზედაპირზე მდებარე პრობლემის განმსაზღვრელი. პრობლემა კი ისაა, რომ მათ მოქმედებას არ გააჩნია უკიდურესი ძალადობის არცერთი უპირატესობა. ის ვერ უძლებს გამოცდას. ომი საშინელებაა, მაგრამ ის ორ რასმე უსიტყვოდ და მკვეთრად ამტკიცებს – რაოდენობას და არაბუნებრივ სიმამაცეს. ომით შესაძლებელია ორი უმნიშვნელოვანესი რამ გაიგო: კიდევ რამდენი ამბოხებულია ცოცხალი და რამდენია მზად, რომ მოკვდეს. უმნიშვნელო უმცირესობას, თუნდაც დაინტერესებულს, შეუძლია მხოლოდ უბრალო არეულობის გაუთავებლად შენარჩუნება. ამ ქალების შემთხვევაში არის კიდევ ერთი, მათი სქესით განპირობებული სიყალბე. სიყალბეა, თითქოს ყველაფერი უხეშ ძალაზე დაიყვანება. თუ კაცს ხმას მისი კუნთები აძლევს, მაშინ მის ცხენს ორი, სპილოს კი ხუთი ხმა უნდა ჰქონდეს. სიმართლე უფრო ფაქიზი და რთულია. მართალია, კაცის ფიზიკური რეაქცია მისი ინსტიქტური იარაღია, როგორც ფლოქვები -ცხენის, ან ეშვები – სპილოსთვის. ამბოხება ომის მუქარაა, თუმცა ეს ის იარაღია, რომელსაც ქალი ტყუილად იქნევს, რადგან ვერასდროს გამოიყენებს. ბევრნაირი იარაღი არსებობს, რომლის გამოყენებაც მას შეუძლია და იყენებს კიდეც. ყველა ქალს, მაგალითად, საარჩევნო უფლებაზე ბუზღუნი რომ დაეწყო, მას ერთი თვის თავზე მიიღებდნენ. საქმეც ესაა – ამისთვის ყველა ქალის აბუზღუნებაა აუცილებელი. აქ მივადექით საკითხის პოლიტიკური მხარის საზღვარს. ქმედითი წინააღმდეგობა, რომელსაც სუფრაჟეტის ფილოსოფია აწყდება იმაშია, რომ ქალთა გადამწყვეტი უმრავლესობა მას არ ეთანხმება. ვიცი, ზოგს სჯერა, რომ ქალს უნდა ჰქონდეს ხმის უფლება, მიუხედავად იმისა, უნდა მას ეს თუ არა. თუმცა ეს ფორმალური დემოკრატიის დამყარების ახირებული და ბავშვური მცდელობაა ჭეშმარიტი დემოკრატიის ნგრევის ხარჯზე. რა უნდა გადაწყვიტოს ქალთა მასამ, თუ მას არ გადააწყვეტინებ, ზოგადად რა ადგილი დაიკავოს სახელმწიფოში? ეს ხალხი პრაქტიკულად ამბობს, რომ ქალს ყველაფრისთვის შეუძლია ხმის მიცემა, გარდა ხმის მიცემის უფლებისა.

ახლა, როცა სინდისი გავითავისუფლე წმინდად პოლიტიკური და სავარაუდოდ არაპოპულარული თვალსაზრისისგან, შემიძლია წყნარად მივუბრუნდე საკითხის აუჩქარებელ და მეტი თანაგრძნობით გამსჭვალულ განხილვას; ვცადო თანამედროვე დასავლურ სახელმწიფოში ქალის მდგომარეობის რეალური ფესვებისათვის და არსებული ტრადიციების, ან იქნებ გადმონაშთების მიზეზებისთვის თვალის მიდევნება. ამისთვის კვლავ დაგვჭირდება დღევანდელი სუფრაჟეტის თანამედროვე თემისგან შორს გამგზავრება და იმ საგნებთან დაბრუნება, რომლებიც თუმც კი ბევრად უფრო ძველი, მაგრამ ჩემი აზრით, შეუდარებლად უფრო ცინცხალია.


 

No comments:

Post a Comment

ნაწილი მესამე. ფემინიზმი, ანუ არასწორი წარმოდგენა ქალზე