IV წარსულის შიში

 ბოლო რამდენიმე ათწლეული მომავლის რომანტიკის განსაკუთრებული კულტივირებით ხასიათდება. მომხდარში გარკვევაზე ხელი ჩავიქნიეთ და მოსახდენზე შვებით ავლაპარაკდით, რაც ბევრად უფრო ადვილია. ახლა აღარავინ წარმოგიდგენთ დიდი პაპის მემუარებს; ახლა ყველა შვილთაშვილის დეტალურ ბიოგრაფიას წერს. იმის მაგივრად, რომ წინაპართა აჩრდილების წინაშე ვძრწოდეთ, არდაბადებული ბავშების ჩრდილქვეშ საცოდავად ვკანკალებთ. ეს განწყობა ყველგან იგრძნობა, თუნდაც ფუტურისტული რომანის ჟანრის შექმნაში. მე-19 საუკუნის გარიჟრაჟზე ვხედავთ სერ ვალტერ სკოტს წარსულის რომანით, ბ-ნი უელსი კი მე-20 საუკუნის გარიჟრაჟს მომავლის რომანით ხვდება. ძველი ამბავი ასე იწყებოდა: “ზამთრის ერთ გვიან საღამოს შეამჩნევდით ორ ცხენოსანს ...” ახლის დასაწყისი კა ასეთია: “ ზამთრის ერთ გვიან საღამოს ორი ავიატორი...” რაც გარკვეულ ხიბლს არაა მოკლებული. მართლაც, არის რაღაც ამაღლებული, არაჩვეულებრივიც კი ამ ხალხში, კვლავ რომ იბრძვის ბრძოლაში, რომელიც ჯერ არ მომხდარა; ადამიანებში, რომლებშიც ხვალინდელი დღის მოგონებები ჯერ კიდევ ძალიან ცოცხალია. ადამიანი, რომელმაც დროს გაუსწრო – ნაცნობი გამოთქმაა. დრო, რომელიც დროს უსწრებს, ცოტა არ იყოს, უცნაურია.

ახლა, როცა ამ უწყინარ პოეტურ ელემენტს და სავსებით ადამიანურ გადახრას საკადრისი პატივი მივაგეთ, მერყეობის გარეშე უნდა ვთქვა: მომავლის ეს კულტი ჩვენი დროის არა მხოლოდ სისუსტე, არამედ სიმხდალეცაა. ამ ეპოქის დამახასიათებელი ბოროტებაა ის, რომ მისი ჩხუბისთავობაც კი არსებითად მხდალია; ჯინგო საზიზღარია არა თავხედობის, არამედ სიმხდალის გამო. თანამედროვე იარაღი არ იწვევს წარმოსახვის აალებას მსგავსად ჯვაროსანთა საჭურველისა, რაც შორს სცილდება მშვენიერებისა და სიმახინჯის ოპტიკურ კრიტერიუმებს. ზოგიერთი საბრძოლო ხომალდი ისეთივე მშვენიერია, როგორც თავად ზღვა, ბევრი ნორმანული მუზარადის ჭვინტი კი ისეთივე მახინჯი, როგორც თავად ნორმანული ცხვირი. ატმოსფერული სიმახინჯე, რომელიც თან ახლავს მეცნიერულ ომს, იმ ბოროტი პანიკის გამოვლინებაა, რომელიც მის გულში ძევს. ჯვაროსანთა შეტევა შეტევა იყო; ღმერთისაკენ მიმართული შეტევა, სიმამაცის დაუოკებელი დაამება. ახლანდელი შეიარაღებით შეტევა საერთოდ არაა შეტევა. ეს დამარცხებაა, უკუქცევა, ეშმაკისგან გაქცევა, რომელიც ჩამორჩენილს ხელში იგდებს. შეუძლებელია შუასაუკუნოვანი რაინდის წარმოდგენა, რომელიც უფრო და უფრო გრძელ ფრანგულ შუბებზე ლაპარაკობს იმ კანკალით, რომელიც უფრო და უფრო დიდ გერმანულ გემებზე თანამედროვე ლაპარაკის თანმდევია. მან, ვინც ლურჯი წყლის სკოლას “ლურჯი შიშის სკოლა” დაარქვა, ფსიქოლოგიური სიმართლე წარმოთქვა, რომლის უარყოფაც ამ სკოლასაც კი გაუჭირდება. თვით ორი სახელმწიფოსსტანდარტიც, აუცილებლობის შემთხვევაშიც კი,დეგრადაციული აუცილებლობაა. იმპერიული წამოწყებების მიმართ არაფერს ისეთი გაუცხოება არ გამოუწვევია ბევრ ბრწყინვალე გონებაში, როგორც იმას, რომ ისინი ყოველთვის გულცივი სიხარბისა და შიშის სამყაროს მიმართ ქურდული თუ უეცარი თავდაცვის განწყობას ატარებდა. ბურების ომი, მაგალითად, ყოველთვის შეფერილი იყო არა იმის რწმენით, რომ ჩვენ რაღაც სწორს ვაკეთებთ, არამედ იმით, რომ ბურები და გერმანელები აკეთებენ არაწორს და ამით ზღვისკენ გვიბიძგებენ (როგორც იყო ნათქვამი). მგონი ბატონმა ჩემბერლენმა თქვა, რომ ომი მის ქუდში გაყრილი ბუმბული იყო და მართლაც ასეა: თეთრი ბუმბული.

ზუსტად ისეთ პანიკას, რომელიც ჩვენს პატრიოტული შეიარაღების ციებცხელებას უდევს საფუძვლად, ვგრძნობ საზოგადოების მომავალი ხედვებისკენ სწრაფვის ციებცხელებაში. თანამედროვე გონების მომავლისკენ მიმართულობაში არის უძლურების და შიშის ნაზავი, რომლითაც ის წარსულის განიხილავს. ის მომავალი დროისკენ მიიწევს, პოპულარული გამოთქმისა არ იყოს, მომავალი კვირის შუაში ჩახერგეს, და ეს მომავლით გატაცებას არ გაუკეთებია. მომავალი არ არსებობს, რადგან ის მომავალია. ეს უფრო წარსულის შიშითაა გამოწვეული, არა უბრალოდ წარსულის ბოროტების, არამედ წარსულის სიკეთის შიშითაც. გონება კაცობრიობის უზარმაზარი სიქველის სიმძიმეს ვეღარ უძლებს. იმდენი მოგიზგიზე რწმენა ვერ შევინარჩუნეთ, იმდენ მკაცრ გმირობას ვეღარ გავიმეორებთ, მონუმენტური ნაგებობისა თუ მხედრული დიდებისათვის იმდენი ძალისხმევაა გაღებული, ერთდროულად შესანიშნავად და ფუჭად რომ გვეჩვენება… მომავალი მხოლოდ თავშესაფარია ჩვენს წინაპრებთან დაუნდობელი შეჯიბრებისგან. კარზე ძველი თაობა გვიკაკუნებს და არა ახალი. სასიამოვნოა, როგორც ჰენლიმ თქვა, თანდათან ქუჩაზე მდებარე სასტუმრო არასდროსთვის თავის შეფარება ( to the Street of By-and-Bye, where stands the Hostelry of Never). სასიამოვნოა ბავშვებთან თამაში, განსაკუთრებით, ჯერ რომ არ დაბადებულან, ისეთებთან. მომავალი თეთრი კედელია, რომელზეც ყველას შეუძლია თავისი სახელის რაგინდ დიდი ასოებით გამოიყვანა. წარსულს ხომ ესაიას, პლატონის შექსპირის, მიქელანჯელოს, ნაპოლეონის გაურკვეველი ნაჯღაბნით დაფარულს ვხედავ. მომავალი შემიძლია ზუსტად ჩემს ზომაზე დავავიწროვო; წარსული კაცობრიობასავით ფართო და მჩქეფარეა. და ამ თანამედროვე მიდგომის არსი კი ესაა: ადამიანები იგონებენ ახალ იდეალებს, იმიტომ რომ ვეღარ ბედავენ ძველთან შეჭიდებას, წინ ენთუზიაზმით იცქირებიან, რადგან უკან მოხედვის ეშინიათ.

ისტორიაში არ მოიძებნება რევოლუცია, რომელიც რესტავრაცია არაა. მომავაზე მიშტერების ახალნდელი ჩვევის მიმართ ჩემს ეჭიან დამოკიდებულებას, ბევრ სხვა რამეზე მეტად, აი რა განაპირობებს: ყველა ისტორიულ პიროვნებას, ვინც მომავალზე მართლაც მოახდინა ზემოქმედება, მზერა წარსულზე ჰქონდა მიპყრობილი. არაფერს ვიტყვი რენესანსზე – თავად სიტყვა ამტკიცებს ჩემს სიმართლეს. მიქელანჯელოს და შექსპირის ორიგინალურობას ძველი ვაზებისა და ხელნაწერების თხრამ დაუდო სათავე. პოეტური სინაზე მთლიანად ატიკვარის სინაზით იწყება. დიდი შუასაუკუნოვანი გამოცოხლება რომის იმპერიის მოგონებაა. რეფორმაციაც ასევე იყურებოდა უკან – ბიბლიაში და ბიბლიურ დროში. ასე იყურება თანამედროვე კათოლიკური მოძრაობა პატრისტიკის ეპოქისკენ. ის თანამედროვე მოძრაობაც კი, რომელიც ყველაზე უფრო ანარქიულად ითვლება, გარკვეული თვალსაზრისით ყველაზე უფრო კონსერვატიულია. არავინ ისე ძლიერად არ სცემდა თაყვანს წარსულს, როგორც ფრანგი რევოლუციონერები. ისინი ანტიკურობის მცირე რესპუბლიკებს ისეთი თავდაჯერებით გამოიხმობდნენ, როგორც ღმერთებს გამოიხმობენ ხოლმე. სან-კიულოტებს (როგორც სახელი გვიჩვენებს) სჯეროდათ სიმარტივესთან დაბრუნების. მათ ყველაზე მეტი ღვთისმოსაობით ღრმა წარსულისა სწამდათ; ამას მისტიკური წარსულიც შეგვიძლია ვუწოდოთ. უცნაური მიზეზით ადამიანი ხილს სასაფლაოზე რგავს. სიცოცხლეს ადამიანი მხოლოდ მკვდრებს შორის პოულობს. ადამიანი დეფორმირებული ურჩხულია; მისი ფეხები წინ, სახე კი უკანაა მიმართული. მას შეუძლია, ბრწყინვალე და გიგანტური მომავალი შექმნას, თუ ამ დროს წარსულზე იფიქრებს. საკუთრივ მომავალზე ფიქრისას მისი ტვინი ქინძისთავის ზომამდე მცირდება; ზოგი ამ სიჩლუნგეს ნირვანას ეძახის. ხვალე – გორგონაა; ადამიანს მისი შეხედვა მხოლოდ გუშინდელის მბრწყინავი ფარის გავლით ძალუძს. პირდაპირ ყურება მას აქვავებს. ასე დაემართა ყველას, ვინც ბედისწერას და მომავალს, როგორც ცხადს და გარდუვალს ჭვრეტდა. კალვინისტები წინასწარგანსაზღვრულობის თავიანთი სრულყოფილი მრწამსით გაქვავდნენ. თანამედროვე მეცნიერი სოციოლოგები (თავიანთი საშინელი ევგენიკით) გაქვავდნენ. განსხვავება ისაა, რომ პურიტანელთა ძეგლები ღირსებით აღსავსეა, ევგენიკოსებისა კი – გასართობი.

წარსულის ერთი თვისება განსაკუთრებით თრგუნავს და უსახური მომავლისკენ მიერეკება თანამედროვეთ. წარსულის უზარმაზარ იდეალებს ვგულისხმობ, შეუსრულებელს და ზოგჟერ მიტოვებულსაც. ამ დიდებული წარუმატებლობის ხედი მელანქოლიას ბადებს მოუსვენარ და საკმაოფ ავადმყოფურ თაობაში; ის უცნაურ დუმილს ინარჩუნებს მათთან მიმართებით – ხშირად უპრინციპობამდე მისულსაც კი. ისინი სრულიად გამოძევებულია ამათი გაზთებიდან და თითქმის სრულიად – ამათი ისტორიის წიგნებიდან. ესენი ხშირად გეტყვიან, მაგალითად, რომ (მომავალი ეპოქის მათეულ ქება-დიდებაში), რომ ევროპის შეერთებული შტატებისკენ მივდივართ, თუმცა ფრთხილად გამოტოვებენ, რომ ევროპის შეერთებული შტატებისგან მოვდივართ, რომ ასეთი რამ უშუალოდ არსებობდა რომის დროს და არსებითად – შუა საუკუნეებში. ისინი არასდროს აღიარებენ, რომ საერთაშორისო ზიზღი (რომელსაც ბაბრბაროსული შეარქვეს) სრულიად ახალი რამაა, რაც წმინდა რომის იმპერიის რღვევას უკავშირდება. ან კიდევ, გეტყვიან, რომ სოციალურ რევოლუციას მოელიან, უქონელთა უდიდეს ამბოხებას მდიდართა წინააღმდეგ, მაგრამ არასდროს აღიარებენ, რომ საფრანგეთმა ეს ბრწყინვალე მცდელობა ყველასგან განმარტოებით, დაუხმარებლად მოიმოქმედა და ჩვენ, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად ამის ფეხქვეშ გათელვა და მივიწყება დავუშვით. გადაჭრით ვამბობ: თანამედროვე ნაწერებში არაფერია ისე თვალშისაცემი, როგორც ამ იდეალების მომავალში წინასწარმეტყველების წარსულში მათ უგულებელყოფასთან შერწყმა. ყველას თავად შეუძლია ამის შემოწმება: წაიკითხეთ ოცდაათი-ორმოცი გვერდი პამფლეტებისა, რომლებიც ევროპაში მშვიდობას ქადაგებენ და ნახეთ, რომელიმე ერთი მაინც თუ ახსენებს პაპებს ან იმპერტორებს, რომლებიც ევროპაში მშვიდობას ინარჩუნებდნენ. ესეების და პოემების ზღვას რომ გადახედო, სოციალური დემოკრატიის ქება-დიდებას რომ აღავლენენ, რამდენ ადგილას შეხვდები ძველ იაკობინელთა ქებას, ვინც დემოკრატია შექმნა და ვინც მას შეეწირა კიდეც? ეს კოლოსალური ნაგრევები თანამედროვეს თვალში მხოლოდ ხიწვად ესობა. ის უმზერს წარსულის ველს და ხედავს დიდებულ, მაგრამ დაუსრულებელ ქალაქებს. მათი დაუმთავრებლობა მხოლოდ შუღლის ან შემთხვევის ბრალი არაა. ხშირად ამის მიზეზი არათანმიმდევრულობა, სულიერი გამოფიტვა და უცხო ფილოსოფიისკენ არაჯანსაღი ლტოლვა გამხდარა. ჩვენ ხშირად დაუმთავრებლად მიგვიტოვებია არამარტო ის, რის გაკეთებაც გვევალებოდა, არამედ ისიც, რის გაკეთებაც გვსურდა.

ახლა გაიძახიან, რომ თანამედროვე ადამიანი ყველა ეპოქის მემკვიდრეა, რომ მან ამ მცდელობების თანმიმდევრობისგან ყველაფერი საუკეთესო შეითვისა. არც კი ვიცი, ამას რა პასუხი გავცე გარდა იმისა, რომ მკითხველს შევთავაზო, დღევანდელ ადამიანს ისეთნაირად დააკვირდეს, როგორც მე ვაკვირდები – გამადიდებელი შუშით. მე და თქვენ მართლა ვარსკვლავური კოშკები ვართ, წარსულის ყველაზე უფრო ვარსკვლავური ხედვებისგან აწყობილი? მართლაც აღვასრულეთ დიდი ისორიული იდეალები ერთიმეორის მიყოლებით, ჩვენი შიშველი წინაპრიდან მოყოლებული, რომელიც ისეთი მამაცი იყო, რომ ქვის დანით მამონტებს ხოცავდა, ბერძენი მოქალაქის და ქრისტეანი მოწამის გავლით ჩვენს პაპამდე და პაპის მამადე, რომელიც მანჩესტერში აკუწეს ან 48-ში დახვრიტეს? ვართ კი ისეთივე ძლიერები, რომ მამონტი შუბით განვგმიროთ და ისეთი გულმოწყალენი, რომ დავინდოთ? არსებობს კი ისეთი მამონტი, რომელიც ან განვგმირეთ, ან დავiინდეთ? როდესაც უარს ვამბობთ ბარიკადებზე სროლაზე და წითელი დროშის აფრიალებაზე, ჩვენი პაპების მსგავსად, მართლა სოციოლოგებს ვუწევთ ანგარიშს? თუ სამხედროებს? მართლა გავასწარით ჯარისკაცს და გვერდზე ჩავუარეთ ასკეტ წმინდანს? ვშიშობ ჯარისკაცს იმ თვალსაზრისით გავასწარით, რომ გამოგვეკიდა და გავიქეცით, წმინდანს კი ისე ჩავუარეთ, რომ თავიც კი არ მოვუდრიკეთ.

ესაა უპირველესი, რასაც თანამედროვე იდეების სივიწროვეში ვგულისხმობ. ჩვენი თანამედროვე წინასწარმეტყველური იდეალიზმი ვიწროა, რადგან გამორიცხვის ჯიუტ პროცესშია გატარებული. ჩვენ იძულებულნი ვართ, მოვითხოვოთ ახალი, რადგან ვერ ვითხოვთ ძველს. ეს პოზიცია ეფუძნება იმ მოსაზრებას, თითქოს წარსულის იდეებიდან ყველაფერი ღირებული ათვისებული გვქონდეს. თუმცა ეს მთლად ასე არაა და მეტიც, ისეთი პირი უჩანს რომ ასე მთლად არაა. აქ საჭიროა რესტავრაციის, და შესაბამისად, რევოლუციის სრული თავისუფლება.

ახლა ხშირად წაიკითხავთ, რომ რომელიმე ამბოხებულმა გაბედულად შეუტია ჭაღარა ტირანიას თუ მოძველებულ ცრურწმენას. ჭაღარა და მოძველებულის შეტევას იმდენივე გამბედაობა სჭირდება, როგორც საკუთარ ბებოსთან რკენას. ჭეშმარიტად გამბედავი ადამიანი ბრძოლაში სისხამ დილასავით ახალ ტირანიას და პირველი ყვავილივით ქორფა ცრურწმენას იწვევს. ჭეშმარიტი სხვაგვარადმოაზროვნე ისაა, ვისი გონებაც მომავლისაგან ისევეა თავისუფალი, როგორც წარსულისაგან. მას ისევე არ აღელვებს, თუ რა მოხდება, როგორც ის, თუ რა მოხდა; მას მხოლოდ ის აღელვებს, რისი მოხდენის აუცილებლობასაც აღიარებს. ჩემი ახლანდელი მიზნისთვის ამ განყენებულ დამოუკიდებლობას საგანგებოდ მოვითხოვ. თუ ვაპირებ მსჯელობას იმაზე, რა არის არასწორი, ერთ-ერთი უპირველესი ღრმა და მდუმარე თანამედროვე ვარაუდია, თითქოს წარსული შეუძლებელი გახდა. “საათს უკან ვერ გადასწევ” თანამედროვეთა ერთი უსაყვარლესი მეტაფორაა. ცხადი და მარტივი პასუხი კი არის”გადასწევ.” საათი – ადამიანის შექმნილი ხელსაწყო – თითით ნებისმიერ დროზე შეგიძლია დააყენო. ასევეა საზოგადოებაც – ადამიანის შემოქმედების ნაყოფი. ის შესაძლოა ნებისმიერი ოდესმე არსებული გეგმის მიხედვით გადაკეთდეს.


 

No comments:

Post a Comment

ნაწილი მესამე. ფემინიზმი, ანუ არასწორი წარმოდგენა ქალზე