VI საკუთრების მტრები

 იდეალების განსაზღვრის ზღურბლზე ვდგავართ, ამიტომ ერთი განმარტებით დავიწყებ. იმ ისტორიული სიყალბის გამო რომელსაც უკვე შევეხე, მკითხველთა გარკვეული ნაწილი ჩემგან ელოდება, რომ რადგან იდეალს ვთავაზობ, ეს აუცილებლად ახალი იდეალი უნდა იყოს. უნდა ვთქვა, რომ ახალ იდეალზე წარმოდგენაც კი არ გამაჩნია. ვერცერთი თანამედროვე შეშლილი სოფისტი ვერ წარმოიდგენს ვერაფერს ისე გასაოცარს, როგორიც რომელიმე ძველი იდეალის განხორციელებაა. იმ დღეს, როცა რომელიმე ანბანური ჭეშმარიტება ხორცს შეისხამს, დედამიწაზე მიწისძვრის მსგავსი რამ მოხდება. მზისქვეშეთში ერთადერთი ახალი რამ შეიძლება გაკეთდეს და ეს მზისთვის თვალის გასწორებაა. თუ ამას ივლისის მზიან დღეს ცდი, მიხვდები, რატომ არ უსწორებენ ადამიანები თვალს საკუთარ იდეალებს. იდეალს ერთადერთი გასაოცარი რამ შეიძლება გაუკეთო და ეს მისი შესრულებაა. ესაა მოგიზგიზე ლოგიკური ფაქტისთვის და საშიში შედეგებისთვის თვალის გასწორება. ქრისტემ იცოდა, რომ სჯულის აღსრულებას უფრო გამაყრუებელი ჭექა-ქუხილი მოჰყვება, ვიდრე მის დარღვევას. ასეა იმ ორ შემთხვევაში, რომელიც ვახსენე; ასეა ყველა სხვა შემთხვევაშიც. წარმართები ყოველთვის თაყვანს სცემდა სიწმინდეს: ათინას, არტემიდეს, ვესტას, მაგრამ როდესაც ქალწულმა მოწამეებმა სიწმინდის ჯიუტად აღსრულება დაიწყეს, ისინი მხეცებს დააგლეჯინეს და გავარვარებულ მუგუზლებზე აგორავეს. ამ სოფელს მუდამ იტაცებდა ღარიბი ადამიანის იდეა. ამას ამტკიცებს ყველა ლეგენდა კონკიადან უიტინგტონამდე, ყველა ლექსი მაგნიფიკატიდან მარსელიეზამდე. საფრანგეთს მეფეთა რისხვა იმიტომ კი არ დაატყდა თავს, რომ იდეალი გამოაცხადა, არამედ იმიტომ, რომ რომ ის განახორციელა. ავსტრიის იმპერატორი იოზეფი და რუსეთის იმპერატორი ეკატერინე სავსებით ეთანხმებოდნენ იმას, რომ ხალხმა უნდა მართოს. ისინი შეაძრწუნა იმან, რომ ხალხმა მართლა მოკიდა მართვას ხელი. ამდენად, ფრანგული რევოლუცია ჭეშმარიტი რევოლუციაა, რადგან მისი იდეალები ადამჟამობისაა, მათი აღსრულება კი ახალი იერუსალიმივით ნორჩი და სასწაულებრივი.

ახლა ამ წიგნის მიზნებისთვის მხოლოდ ერთი, თუმც კი ალბათ ყველაზე უფრო ძველი იდეალი ავიღოთ. ვგულისხმობ ოჯახურობის, იდეალური სახლის, ბედნიერი ოჯახის, ისტორიის წმინდა ოჯახის პრინციპს. აქვე ვიტყვი, რომ მას, ეკლესიისა და რესპუბლიკის მსგავსად, ძირითადად ისინი ესხმიან თავს, ვინც ან არ იცნობს, ან ეცადა და ვერ აასრულა. უამრავი თანამედროვე ქალი უჯანყდება ოჯახურობას თეორიულად, რადგან არასდროს შეუცნია ის პრაქტიკულად. უქონელთა ჯარი ისე დაიარება სამუშაო სახლებში, რომ სახლი არც კი უნახავს. ზოგადად რომ ვთქვათ, კულტურული ფენა გაჰკივის, რომ წესიერი სახლიდან გამოუშვან, მშრომელთა ფენა კი გაჰყვირის, რომ შეუშვან.

ახლა თუ ამ სახლს ანუ შინაურს გავსინჯავთ, შევძლებთ იდეის სულიერი საფუძვლების ძალიან ზოგადად მონიშვნას. ღმერთს შეუძლია შექმნას რაიმე არაფრისგან. ადამიანს შეუძლია შექმნას რაიმე ყველაფრისგან. ღვთაებრივი სიხარული შეუზღუდავ ქმნაშია, ადამიანის საგანგებო სიხარულის წყარო შემოსაზღვრულ ქმნაშია, ანუ ქმნის და საზღვრების ერთობლიობაში. შესაბამისად, ადამიანის სიამოვნება პირობების ფლობაშია, და აგრეთვე იმაში, რომ ნაწილობრივ თავად ეს პირობები ფლობენ მას; იყოს ნახევრადმართული ფლეიტის მიერ, რომელსაც უკრავს ან მინდვრის მიერ, რომელსაც ბარავს. სიამოვნება ამ პირობებისგან მაქსიმუმის მიღებაშია; პირობები შეიძლება გაფართოვდეს, მაგრამ არა განუზღვრელად. ადამიანმა შეიძლება დაწეროს უკვდავი სონეტი კონვერტზე, ან გამოკვეთოს გმირი კლდის ნატეხისგან, თუმცა სონეტის კლდეში გამოკვეთა შრომატევადი საქმე იქნებოდა, კონვერტისგან გმირის შექმნა კი პრაქტიკული პოლიტიკის ფარგლებს სცილდება. ეს ნაყოფიერი ჭიდილი შეზღუდვებთან, როდესაც საქმე განათლებული ფენის დახვეწილ გართობას ეხება, ხელოვნების სახელითაა ცნობილი. თუმცა უამრავ ადამიანს აბსტრაქტული და უხილავი სილამაზის აღმოჩენისათვის საჭირო არც დრო გააჩნია და არც უნარი. ამ ადამიანებისთვის შემოქმედებითი ხელოვნების იდეა მხოლოდ ახლანდელ განსჯაში არაპოპულარული საკუთრების იდეით შეიძლება გამოიხატოს. საშუალო ადამიანს არ ძალუძს თიხას ადამიანის ფორმა შესძინოს; სამაგიეროდ, მას შეუძლია მიწას ბაღის ფორმა მისცეს. მერე რა, რომ ეს მხოლოდ წითელი ნემსიწვერას და ლურჯი კარტოფილის მონაცვლეობით გავლებული ზოლებია - ის ხელოვანია, რადგან არჩევანს აკეთებს. საშუალო ადამიანს არ შეუძლია ტილოზე გადაიტანოს დაისის ფერები, რომელიც მას აღაფრთოვანებს – სამაგიეროდ, შეუძლია სახლი იმ ფერად შეღებოს, რომელსაც აირჩევს და ეს ხელოვნებაა, თუნდაც ეს მწვანე ფერი იყოს ვარდისფერი კოპლებით, რადგან ეს მისი არჩევანია. საკუთრება უბრალოდ დემოკრატიის კუთვნილი ხელოვნებაა. ეს ნიშნავს, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს რაღაც, რასაც საკუთარ ხატად შექმნის – ისევე, როგორც თავად ის შეიქმნა ზეციური ხატის მიხედვით. თუმცა ის ღმერთი არაა და მხოლოდ ღმერთის გამოკვეთილი ხატია, ამიტომაც მისი თვითგამოხატვა მკაცრ და ვიწრო საზღვრებშია მოქცეული.

კარგად ვიცი, რაოდენ შერყვნილია ჩვენს დროში სიტყვა “საკუთრება” დიდი კაპიტალისტების კორუფციის გამო. ხალხს რომ ყური უგდო, შეიძლება გეგონოს, რომ როტშილდები და როკფელერები საკუთრების მხარეს დგანან. სინამდვილეში ისინი საკუთრების მტრები არიან, რადგან საკუთარ საზღვრებს ემტერებიან. მათ საკუთარი კი არა, სხვისი მიწა სურთ. როდესაც მეზობლის სამანს აუქმებენ, თავისსაც ზედ მიაყოლებენ ხოლმე. ადამიანს, რომელსაც მცირე სამკუთხა ნაკვეთი უყვარს, ის იმიტომ უნდა უყვარდეს, რომ სამკუთხედის ფორმისაა. ვინც ამ ფორმას არღვევს მისთვის დამატებითი მიწის მიცემით, ქურდია, რადგან სამკუთხედი მოიპარა. საკუთრების ჭეშმარიტი პოეზია მოითხოვს კედლის არსებობას იქ, სადაც შენი ბაღი სმითის ბაღს ხვდება; ღობისას – იქ, სადაც შენი ფერმა ბრაუნისას ეხება. საკუთარი მიწის ფორმის აღქმას ვერ მოახერხებ, თუ მეზობლის მიწის საზღვრებს ვერ ხედავ. საზერლენდის ჰერცოგი ერთ მამულში ყველა ფერმის მფლობელია და ეს საკუთრების უარყოფაა – ზუსტად ისევე, როგორც ქორწინების უარყოფა იქნებოდა, მას რომ ჩვენი ცოლები ერთ ჰარემში მოექცია.


 

No comments:

Post a Comment

ნაწილი მესამე. ფემინიზმი, ანუ არასწორი წარმოდგენა ქალზე